ახალი ამბები
მესტიაში მოკლული მამაკაცი საკრებულოს წევრია
დღეს მოკლული მამაკაცი მესტიის საკრებულოს წევრია. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო „ათინათს“ მესტიის საკრებულოს თავმჯდომარემ მაიზერ ჯაფარიძემ დაუდასტურა. გარდაცვლილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო.

„ახლა ვიყავი სამძიმარზე. სხვა დანარჩენს ვერფერს გეტყვით“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ადგილობრივების ცნობით, მკვლელობის მიზეზი, სავარაუდოდ, მიწის ნაკვეთი გახდა. მათივე თქმით, გარდაცვლილი და პირი, ვინც მას, სავარაუდოდ, ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა, ახლობლები იყვნენ. მესტიის საავადმყოფოში აცხადებენ, რომ მათივე ინფორმაციით, მამაკაცს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა და გულ-მკერდის არეში ორი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტს ამ წუთებში არკვევენ და კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

Print