ახალი ამბები
სახალხო დამცველის აპარატი ზუგდიდის მე-15 ბაღში მომხდარ ინციდენტს სწავლობს
ომბუდსმენის აპარატმა ზუგდიდის მე-15 საჯარო ბაღში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო. სახალო დამცველის ოფისში რადიო „ათინათს“ განუმარტეს, რომ საკითხს მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ საკუთარი ინიციატივით სწავლობენ. დეტალებზე უწყებაში ჯერ არ საუბრობენ.


ზუგდიდის მე-15 საბავშვო ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვის მშობლის თეა ანჩაბაძის მტკიცებით, მისი შვილი და სხვა, ასევე აუტისტი ორი ბავშვი, ღონისძიებაზე იმ მიზეზით არ დაუშვეს, რომ შესაძლებელი იყო, მათ ზეიმი ჩაეშალათ. ამის შესახებ პოსტი მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ანჩაბაძე ამბობს, რომ სამსახურიდან არავის გაშვებას არ ითხოვს, თუმცა თვლის, რომ ფაქტი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.

საპირისპიროს ამტკიცებს ბაღის გამგე ინეზა ზაქარაია. მისი თქმით, კარის ჩაკეტვის მიზეზი დეკორაციები იყო და კატეგორიულად უარჰყოფს იმ ფაქტს, რომ ბავშვები ზეიმზე შეგნებულად არ შეუშვეს. ზაქარაიას თქმით, სამივე მათგანის ზეიმში ჩართვა შემდეგ ღონისძიებაზე იყო დაგეგმილი.

ქალაქის მერის ლაშა გოგიას დავალებით, აღნიშნულ ბაღში დღეს აუდიტი შევიდა. მერიაში აცხადებენ, რომ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ინციდენტში მონაწილე ყველა პირი პასუხს კანონის წინაშე აგებს.


ამავე თემაზე:

ბაღის აღსაზრდელს ჩაკეტილი კარი დღეს გაუღეს
Print