ახალი ამბები
სპეციალისტების შეფასებები მე-15 ბაღში მომხდარ ინციდენტზე
საახალწლო ღონისძიების დაკეტილ კარს მიღმა დარჩენილი 4 წლის გოგონას ამბავს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოყვა. მოქალაქეების ერთმა ნაწილმა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვის მშობელი გააკრიტიკა და გამოთქვა მოსაზრება, რომ მას შვილთან ერთად ზეიმის დროს დარბაზში სხვა ღია კარებიდან შეეძლო შესვლა, მეორე ნაწილმა კი მომხდარში ბაღის ადმინისტრაცია დაადანაშაულა.



რადიო „ათინათი“ დაინტერესდა, თუ რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია მათი მოსაზრებები ზუგდიდის მე-15 ბაღში მომხდარ ინციდენტზე.

თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი პროფესორი თამარ გაგოშიძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ნებისმიერი დეტალი გათვლილი უნდა ყოფილიყო, რადგან აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვები გარემოს ცვლილებას ვერ იტანენ.

„ისინი ადვილად ეჩვევიან წესებს და ამ წესებს მიყვებიან, მაგრამ თუ რამე შეიცვალა, შეიძლება, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. გარემოსთან სწრაფ ადაპტაციას ვერ ახერხებენ. რა გზითაც არის მიჩვეული, იმ გზით უნდა შემოვიდეს. მეუბნებიან ხშირად მშობლები, რომ ბავშვი ბაღში სხვა გზით ვერ მიყავთ, ვერ ეგუებიან დღის რეჟიმის, კვების, დამშვიდობების და სხვა რიტუალების ცვლილებას. შეიძლება, ეს ძალიან რთულად გადაიტანოს ბავშვმა. მე ვფიქრობ, რომ ეს ცნობიერების პრობლემაა. შესაძლებელია, მასწავლებლებიც, მშობლებიც, სხვებიც გაკვირვებულები არიან, რატომ გახდა პრობლემა სხვა, ღია კარიდან ბავშვის დარბაზში შესვლა, მაგრამ ამ ბავშვისთვის ძალიან რთულია ამის აღქმა. დარწმუნებული ვარ, რომ არ თვლიდნენ, რომ შესაძლებელი იყო, ასეთი პრობლემა შექმნილიყო. ისეა მოწყობილი მისი ფსიქიკა, რომ თუ არის მოულოდნელობა, გამოსულია ყველანაირი წყობიდან. ამიტომაც არ შეიძლება აპელირება იმაზე, რომ სხვა კარი ღია იყო“, - უთხრა რადიო „ათინათს“ გაგოშიძემ.



თამარ გაგოშიძე

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ტიპის ბავშვებისთვის არაპროგოზირებად და მოულოდნელ სიტუაციაში მოქმედება რთულია, მან წინასწარ უნდა იცოდეს ამის შესახებ და ამ შემთხვევაში, ბევრად უკეთ ადაპტირდებიან მოულოდნელ მოთხოვნებთან და იცავენ წესებს.

იმ გარემოებას, რომ მშობლისთვის ჩვეული კარის ჩაკეტვის შესახებ წინასწარ უნდა ყოფილიყო ცნობილი, უსვამს ხაზს არასამთავრობო ორგანიზაცია „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ ხელმძღვანელი მარიამ კორკოტაძეც, რომლის ორგანიზაცია აღნიშნულ საკითხებზე მუშაობს. კორკოტაძე ამბობს, რომ ადმინისტრაციას ბავშვის მდგომარეობა უნდა გაეთვალისწინებინა და ცოდნოდა, რომ ამას, შესაძლოა, მისთვის დამატებითი ღელვა გამოეწვია.



მარიამ კორკოტაძე


„მათ ხშირად ერთი და იგივე ტანსაცმელი აცვიათ, ერთი და იმავე გზით დადიან. ცვლილება შფოთი და სტრესია მათთვის. წინასწარ უნდა გაეფრთხილებინათ მშობელი. როცა ასეთ ბავშვებთან მუშაობ, უნდა იცოდე, რა უყვარს, რა სირთულეები აქვს და ასე შემდეგ. მისთვის სწორედ ის კარი უნდა გაეღოთ, რომლითაც ის შედიოდა. ბაღის ხელმძღვანელობას აუცილებლად უნდა სცოდნოდა მისი ინდივიდუალური საჭიროების შესახებ, რადგან ბავშვი სულ ამ კარიდან ხვდებოდა დარბაზში“, - აღნიშნა კორკოტაძემ.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში, სხვა ღია კარებზე აპელირება საზოგადოების მხრიდან არასწორია და მთავარი პრობლემა არაინფორმირებულობაა.

ზუგდიდის მე-15 საბავშვო ბაღში მომხდარ ინციდენტს სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს. შემთხვევაზე მოკვლევას აწარმოებს ზუგდიდის მერიაც.

ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვის მშობლის თეა ანჩაბაძის მტკიცებით, მისი შვილი და სხვა, ასევე აუტისტი ორი ბავშვი, ღონისძიებაზე იმ მიზეზით არ დაუშვეს, რომ შესაძლებელი იყო, მათ ზეიმი ჩაეშალათ. ამის შესახებ პოსტი მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ანჩაბაძე ამბობს, რომ სამსახურიდან არავის გაშვებას არ ითხოვს, თუმცა თვლის, რომ ფაქტი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.

საპირისპიროს ამტკიცებს ბაღის გამგე ინეზა ზაქარაია. მისი თქმით, კარის ჩაკეტვის მიზეზი დეკორაციები იყო და კატეგორიულად უარჰყოფს იმ ფაქტს, რომ ბავშვები ზეიმზე შეგნებულად არ შეუშვეს. ზაქარაიას თქმით, სამივე მათგანის ზეიმში ჩართვა შემდეგ ღონისძიებაზე იყო დაგეგმილი. ბაღის ადმინისტრაცია ამბობს იმასაც, რომ გასაღების პოვნას რამდენიმე წუთი დასჭირდა, რის შემდეგაც აღნიშნული კარი გააღეს. 

დაკეტილი კარი ბაღის ადმინისტრაციამ 4 წლის გოგონასთვის მეორე დღეს, მორიგი საახალწლო ზეიმის დროს გააღო.




ამავე თემაზე:

ბაღის აღსაზრდელს ჩაკეტილი კარი დღეს გაუღეს

მშობელი: ჩემი აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე შვილი ბაღში ზეიმზე არ შეუშვეს

 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
23 / აპრილი 2024
24-25 აპრილს, ღამის საათებში თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში შეზღუდვები დაწესდება.
23 / აპრილი 2024
"საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, 2-დან 6 მაისის ჩათვლით, თბილისი - ფოთის მიმართულებით დამატებითი რეისები შესრულდება.
23 / აპრილი 2024
"ზუგდიდში UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი ცენტრალური სტადიონის მშენებლობა 2015 წელს დაიწყეს და 2017-ში უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღემდე არ გახსნილა", - ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორმა"
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.