რეგიონი
რაულ ხაჯიმბამ ლუკავას გათავისუფლებასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა
დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ სოხუმში საპროტესტო აქციის მონაწილეებს კიდევ ერთხელ განუმარტა, თუ რატომ გაათავისუფლა აფხაზურმა მხარემ დრანდის ციხიდან გიორგი ლუკავა. ინფორმაციას სააგენტო "აფსნიპრესი" ავრცელებს.

ხაჯიმბას თქმით, მას „როგორც აფხაზეთის ლიდერს, რომელიც აყალიბებდა ურთიერთობას მოძმე სამხრეთ ოსეთთან, არ შეეძლო სხვაგვარად მოქცევა და უარი ეთქვა ოსეთის თხოვნაზე ჩართულიყვნენ პატიმრების გაცვლის პროცესში“.

3 იანვარს გიორგი ლუკავას გადაცემის გამო სოხუმში საპროტესტო აქცია გამართა. მისი მონაწილეები ლუკავას შეწყალების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას და აღნიშნული გადაწყვეტილების მიმღები პირის ან პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვდნენ. ამასთან ერთად, 'პარლამენტში" პატიმრის ქართული მხარისთვის გადაცემის ფაქტის შემსწავლელი  სპეციალური კომისია შეიქმნა.

აფხაზეთის ომის მონაწილე გიორგი ლუკავა, 25 დეკემბერს, დაახლოებით, 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, დააკავეს. მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. აფხაზური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას "ბრალი ადამიანის მკვლელობასა და პარტიზანულ დაჯგუფება "ტყის ძმებთან" კავშირში ედებოდა". მისი საკითხი მუდმივად იყო ერთ-ერთი მთავარი თემა გალის შერეული შეხვედრების დროს.

28 დეკემბერს აფხაზურმა მხარემ, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე მანუჩარ წვიშბაია გაათავისუფლა. ის რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა მიმდინარე წელს აფხაზეთის ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დააკავა.

Print