ახალი ამბები
ხობში მომხდარი ავტოავარიის საქმეს პროკურატურა იძიებს
ხობის რაიონის სოფელ ხამისკურში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს პროკურატურა იძიებს. ამის შესახებ რადიო "ათინათს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების ცნობით, ავტოავარიის დროს მანქანაში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 6 თანამშრომელი იმყოფებოდა. მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ხამისკურში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გარდაიცვალა. საავადმყოფოს დირექტორის ნიკა ჭეჟიას განმარტებით, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა.

მისივე ინფორმაციით, საავადმყოფოში სულ 6 დაშავებული შემოიყვანეს. საავადმყოფოს მორიგე ექიმის ირაკლი პაპავას თქმით, ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზეა.



"პაციენტი შემოყვანილია მრავლობითი დაზიანებებით, მათ შორის, ქალა ტვინის ტრამვით, ქალა ფუძის მიტეხილობით, გულმკერის დახურული ტრამვითა და ნეკნების მრავლობითი მოტეხილობით”, - აღნიშნა პაპავამ.

რაც შეეხება სხვა დაშავებულებს, მათი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა დაკვირვების მიზნით საავადმყოფოში რჩებიან.

ავტოსაგზაო შემთხვევა ხამისკურში რამდენიმე საათის წინ მოხდა.

ამავე თემაზე:

ავტოავარისას დაშავებული სამხედრო ზუგდიდის საავადმყოფოში გარდაიცვალა

ხობში სამართალდამცავების ავტომანქანა ავარიაში მოყვა

Print