ახალი ამბები
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია 20 იანვრიდან დაიწყება
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციისთვის მუშაობის დაწყება თვის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. სამშენებლო კომპანია „ჯავაში“ რადიო „ათინათს“ უთხრეს,რომ მშენებლობის დასაწყებად ნებართვას მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ელოდებიან. ფონდში კი აღნიშნეს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები 15-დან 20 იანვრამდე პერიოდში დაიწყება, რა დროისთვისაც ყველა შესაბამისი ნებართვა მზად იქნება.

ქალაქ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციას სამშენებლო კომპანია „ჯავა“ განახორციელებს, რომელმაც მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. გამარჯვებულ კომპანიაში ი/მ „თემურ ალბექიონი“ და შპს „გზები & კეთილმოწყობა“ ერთიანდება. ბოტანიკური ბაღის სრული რეაბილიტაციისთვის 11,974,436.72 ლარი დაიხარჯება. კონტრაქტის თანახმად, სამუშაოები დაწყებიდან 18 თვის განმავლობაში უნდა დასრულდეს.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, რომელიც ქალაქის შუაგულში მდერბარეობს, 26 ჰექტარზეა გაშენებული. მისი გაშენება მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისი დაიწყეს. ბაღმა დეკორატიული სახე 1840 წელს მიიღო, როცა მასზე ზრუნვა სამეგრელოს უკანასკნელმა მთავრმა დავით დადიანმა და მისმა მეუღლემ ეკატერინე ჭავჭავაძემ დაიწყეს. მათ საჭირო ნერგები და თესლები საფრანგეთის მეფე ლუი ფილიპეს ვერსალის ბაღიდან ჩამოიტანეს. ეკატერინე ჭავჭავაძემ ბაღის მთავარ მშენებლად იტალიელი მებაღე ჟოზეფ ბაბინი მოიწვია, რომელმაც ბაღს მთლიანად შეუცვალა იერი.

ამავე თემაზე:

ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებულზე 2 მილიონამდე ლარით მეტი დაიხარჯება
Print