რეგიონი
საიამ ოთხოზორიას საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ ევროსასამართლოში სარჩელი შეიტანა
საქათველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2018 წლის 11 იანვარს პარტნიორ ორგანიზაცია - ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) - თანამშრომლობით გიგა ოთხოზორიას საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, საჩივრით მიმართა. ორგანიზაცია აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების ქმედებებზე, პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს.

“აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ.-მა სამხედრო პროკურატურამ ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე გამოძიება დაიწყო. ბრალდებულ რაშიდ კანჯი-ოღლის აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით შინაპატიმრობა შეუფარდა. 2017 წლის 31 მაისს, საქართველოს ხელისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო სამხედრო პროკურატურამ, მტკიცებულებების არარსებობის მოტივით, გიგა ოთხოზორიას საქმის გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა. 2017 წლის 7 მარტის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რაშიდ კანჯი-ოღლი დამნაშავედ იქნა ცნობილი გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენისა და ტარებისთვის და მას სასჯელის სახით 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დღეის მდგომარეობით რაშიდ კანჯი-ოღლი ინტერპოლის წითელი ცირკულარის მეშვეობით იძებნება. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება რაშიდ კანჯი-ოღლის საქართველოს ხელისუფლებისთვის გადაცემაზე უარს აცხადებს. საია ევროპულ სასამართლოში წარდგენილ საჩივარში მომჩივანთა მიმართ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევას ასაბუთებს. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, ასევე აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების ქმედებებზე, პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება, როგორც აღნიშნულ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს“, - ნათქვამიას საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მოკლეს.


Print