ახალი ამბები
მთავრობის საქმიანობას ყველაზე უარყოფითად პატარა ქალაქებში აფასებენ
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, მთავრობის საქმიანობას ყველაზე ცუდად პატარა ქალაქებში აფასებენ. ამ ქალაქებში მცხოვრები გამოკითხული მოსახლეობის 45% თვლის, რომ მთავრობის საქმიანობა უარყოფითად უნდა შეფასდეს, დიდ ქალაქებში ასე 40% მიიჩნევს, ხოლო დედაქალაქში - 32%.

პატარა ქალაქებში მთავრობის საქმიანობით კმაყოფილი გამოკითხულთა მხოლოდ 7%-ია, დიდ ქალაქებში – 9%, ხოლო თბილისში – 10%. მთავრობის საქმიანობას საშუალოდ აფასებს პატარა ქალაქებში მცხოვრები გამოკითხული მოქალაქეების 45%, დიდ ქალაქებში – 48%, ხოლო დედაქალაქში – 56%.

სოფლად მცხოვრებ მოსახლეობის 58% მთავრობის საქმიანობას საშუალოდ, 28% – ცუდად, ხოლო 12% – კარგად აფასებს.

სულ ქვეყნის მასშტაბით, გამოკითხულთა 53%-ის აზრით, მთავრობის საქმიანობა საშუალოდ, 13%-ის აზრით – დადებითად, ხოლო 32%-ის კი უარყოფითად უნდა შეფასდეს. 2%-მა კი არ იცის, როგორ შეაფასოს მთავრობის საქმიანობა.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის საველე სამუშაოები 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. გამოკითხვას კი CRRC-საქართველო ხორციელდება.

კვლევის შედეგების ცდომილების ზღვარი +/- 1.9%-ია.

Print