რეგიონი
თემურ ნადარაია: გალის რაიონში უკვე 400 - მდე აფხაზეთის მოქალაქეა
დე ფაქტო აფხაზეთში ბინადრობის უფლების გაცემის და პასპორტიზაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ამის შესახებ გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმზღვანელმა თემურ ნადარაიამ „ეხო კავკაზას“ განუცხადა. გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ამ დროისათვის გალის რაიონში 400 - მდე „აფხაზეთის მოქალაქე“ ცხვრობს და ეს რიცხვი მომავალში ათასამდე გაიზრდება.

„2015 წელს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით გალის რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრებთა 95-96% საქართველოს მოქალაქეები არიან. ჩვენ აფხაზეთში როგორც იქნა თავის დავაღწიეთ ლეტარგიულ ძილს და გამოვიმუშავეთ სახელმწიფო პოლიტიკა... შევიმუშავეთ მექანიზმი, რომლის მიხედვით, გალის რაიონში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ბინადრობის ნებართვის მიღება“, - აღნიშნა თემურ ნადარაიამ.

ინტერვიუში მან ასევე კომენტარი გააკეთა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელშიც ნათქვამია, რომ გალის რაიონის მცხოვრებთა უმრავლესობა უარს ამბობს ბინადრობის ნებართვის მიღებაზე. ნადარაიას თქმით, მსგავს პროპაგანდას გალის რაიონში გარკვეული ძალები ეწევიან.

„ამ ადამინებმა უნდა შეიგნონ, რომ ახალი მოწვევის პარლამენტის არც ერთი დეპუტატი, ახლა ან მომავალში ვერ დააყენებს გალის რაიონის მცხოვრებლებისთვის საქართველოსთან ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების საკითხს“, - აღნიშნა ნადარაიამ.

მისი თქმით, გალის რაიონის მცხოვრებლებს უნარჩუნდებათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და მისი მემკვიდრეობით გადაცემის უფლება, თუმცა, როგორც უცხო ქვყნის მოქალაქეები, ისინი ვერ შეიძენენ უძრავ ქონებას.

„ამავე დროს, კანონმდებლობის თანახმად, ბინადრობის ნებართვის გამოყენებით მათ, როგორც იურიდიულ პირებს, შეუძლიათ გახდნენ საწარმოს, ან სასტუმროს დამფუძნებლები“, - განაცხადა თემურ ნადარაიამ.

მან დასძინა, რომ გალის რაიონის მცხოვრებლბს შეუძლიათ „სახელმწიფო სტრუქტურებში“ მუშაობა, საბანკო კრედიტების და მართვის მოწმობის მიღება, ასევე მათ აქვთ სწავლის უფლება.

Print