რეგიონი
გარდაცვლილი წვევამდელის ოჯახის წევრებს სავარაუდოდ საქმის პროკურორი ხვდება
უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ბექა რუსიას ოჯახის წევრები და ადვოკატი პროკურატურის შენობაში შეიყვანეს. მათ, სავარაუდოდ, საქმის პროკურორი დავით პაპავა ხვდება. მანამდე გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ისინი გამოძიებას არ ენდობიან და თვლიან, რომ საქმეში მეტი პირის დანაშაული იკვეთება, ვიდრე ერთის.

წალენჯიხის სოფელ მუჟავაში ახალგაზრდა მამაკაცი სამეგრელო-აფხაზეთის ე.წ. საზღვართან 26 ოქტომბერს გარდაიცვალა. პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე სამმართველოს ტერიტორიაზე, აღნიშნული სამმართველოს სწრაფი რეაგირების მე-2 ასეულის მოსამსახურე დ. ჯ. - მ, ამავე სამმართველოს ოცეულის მოსამსახურეს - ა. კ. - ს სახელზე რიცხული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, გაუფრთხილებლობით მოუსპო სიცოცხლე ამავე სამმართველოს სამხედრო მოსამსახურეს ბ. რ. - ს.

27 ოქტომბერს დ.ჯ. დააკავეს, მეორე დღეს კი მას ბრალი სს კოდექსის 116-ე, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


Print