რეგიონი
ენმ ზუგდიდში გარევაჭრობის წესის შეცვლას ითხოვს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაცია გარევაჭრობის რეგულირების წესის შეცვლას ითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ოპოზიციური პარტიის წევრმა ანა წითლიძემ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, არ არის სწორი ქალაქში მხოლოდ ერთ კონკრეტულ ადგილას აიკრძალოს გარევაჭრობა და სხვაგან ყველგან დაშვებული იყოს.

„ჩვენ ვითხოვეთ, რომ შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც იმუშავებს გარევაჭრობის წესზე, რადგან ვფიქრობთ, რომ წინა საკრებულოს მიერ მიღებული წესი არასწორია“, - აღნიშნა წითლიძემ.

აღნიშნულთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას თქმით, მერია იმ წესის შესაბამისად მოქმედებს, რომელიც წინა საკრებულომ მიიღო.

„ეს ეხება კონკრეტულად ერთ ლოკაციას, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც არის კრიტიკული სიტუაცია. დარღვეულია როგორც სურსთის უვნებლობის სანიტერულ-ჰიგიენური ნორმები, ასევე შეფერხებულია ტრანსპორტის გადაადგილება. რაც შეეხება ზოგად წესს, ის მალე დარეგულირდება და მთლიანად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გავრცელდება“,- განაცხადა მამუკა წოწერიამ.

ზუგდიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრეები მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და მუშაობის შეწყვეტას არ აპირებენ.



Print