რეგიონი
“ყველა ერთისთვის” - გიორგი გიორგანაშვილის მხარდამჭერი აქცია ზუგდიდში (ვიდეო)
მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) მხარდამჭერი აქცია სახელწოდებით „ერთი ყველასთვის“ ზუგდიდშიც გაიმართა. აქციის მონაწილეები გიორგანაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას, ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის შეცვლას და მსახიობის საქმეში მონაწილე პოლიციელების დასჯას ითხოვენ. ისინი ჯერ სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურასთან შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი სასამართლოს შენობასთან გადაინაცლეს და მოთხოვნები აქაც გააჟღერეს.



„ზუგდიდი უერთდება თბილისში გამართულ აქციას, რომელიც იმართება იმ ნარკოპოლიტიკასა და ნარკოფაშიზმის წინააღმდეგ, რომელიც ორიენტირებულია ჩაგვრასა და ტერორზე. ხელისუფლებას არ უნდა დაკარგოს ბერკეტი, რომ მოახდინოს ადამიანების იზოლაცია “, - აღნიშნა „თანასწორობის მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის მენეჯერმა ემზარ კვარაცხელიამ.

აქციას მოქალაქეებიც შეუერთდნენ, მათ შორის იყვნენ არასრულწლოვნები, რომელთაც ხელში ტრანსპარანტები ეჭირათ წარწერებით: „დასრულდეს ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა“, „განსაზღვრე დოზა“, „ყველა ერთისთვის“ და სხვა.



აქციის ორგანიზატორის თქმით, არასრულწოვნებისთვის მოსვლისკენ მას არ მოუწოდებია და ისინი აქციაზე საკუთარი ნებით მივიდნენ.

„გულწრფელად მიხარია, რომ ახალგზარდები ჭარბობენ აქ, რადგან ეს ზუსტად ის ძალაა, რომელიც არასდროს შეეგუება უკანონობას, რომელიც დღეს საქართველოში ხდება ნარკოფაშიზმის კუთხით“, - აღნიშნა აქციაზე კვარაცხელიამ.



მათ მსვლელობისას დადიანების ისტორიული მუზეუმის ეზო გაიარეს, რომლის კარიბჭესთან შემდეგ შინაარსის წარწერა "ბერა, დაპოსტე" დატოვეს.





მსგავსი საპროტესტო აქცია ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა, დედაქალაქში კი ის პარლამენტის წინ ამ წუთებშიც მიმდინარეობს.



აქციის ორგანიზატორების „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „პროკურატურა გიორგი გიორგანაშვილს პირადი მოხმარების მიზნით 0.37 გრამი იმ ნარკოტიკული ნივთიერების ფლობას ედავებოდა, რომელიც მას არ ეკუთვნოდა. თუმცა სასამართლოსთვის ადამიანის 8 წლით ციხეში გასაგზავნად საკმარისი აღმოჩნდა მხოლოდ იმ 2 პოლიციელის ჩვენება, რომლებიც უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას გიორგი გიორგანაშვილის დაკავებაში“.



თბილისის საქალაქო სასამართომ გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიება გიორგანაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას ედავება. თავის მხირვ, მსახიობი ამტკიცებს, რომ მას 45 აბი სუბოტექსი პოლიციამ ჩაუდო. პროკურატურამ სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოზიება დაიწყო. "ბახალა" 2017 წლის 25 იანვარს დააკავეს და 14 ივლისს 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.


Print