ახალი ამბები
TI სამეგრელოში თანამდებობის პირების არადეკლარირებულ ბიზნესკავშირებს აქვეყნებს
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ზუგდიდის, წალენჯიხის და სენაკის მუნიციპალიტეტის იმ თანამდებობის პირების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლებმაც დეკლარაცია არასწორად შეავსეს, არ ასახეს ინფორმაცია საკუთარი ან/და ოჯახის წევრთა კომერციულ საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ და ამავე დროს ეწევიან თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას.


ორგანიზაციის კვლევაში აღნიშნულია, რომ 77 დეკლარაციის შესწავლის შემდეგ 6 შემთხვევაში დეკლარაციის არასრულად შევსების ფაქტი გამოვლინდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დეკლარაცია არასწორად თანამდებობის სამ პირს აქვს შევსებული.



ზუგდიდის მერიის ინფრასტრუქურული პროექტების მართვის სამსახურის უფროსს რუსლან კილასონიას 2017 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი არის შპს “ბოკოთი” 30% წილის მფლობელი, ასევე შპს “ზუგდიდი აუდიტის” და სააქციო საზოგადოება “საფინანსო კომპანია კოლხას” მეწილე.

ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის და არქიტექტურის სამსახურის უფროსს ლაშა ჯაიანს 2017 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული, რომ იგი არის შემდეგი კომპანიების წილის მფლობელი და დირექტორი: შპს “ფარი 2005” - დირექტორი, შპს “ორნამენტი” - 100% წილის მფლობელი და დირექტორი და შპს “მშენსერვისი” - 34% წილის მფლობელი და დირექტორი. ამასთან, „ის გარემოება, რომ ლაშა ჯაიანი სამსახურის უფროსობის პარალელურად არის შპს-ს დირექტორი წარმოადგენს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევას, რომლის თანახმადაც თანამდებობის პირს არ აქვს უფლება იყო სამეწარმეო დაწესებულების ხელმძღვანელი“, - აღნიშნულია კვლევაში.

ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია “კონსერვატორების” თავმჯდომარე დაზმირ ძიმცეიშვილმა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია 2017 წლის სექტემბერში თემი ზუგდიდის საკრებულოში კომისიის თავჯდომარეობისას შეავსო, რომელშიც მას არ აქვს აღნიშნული, რომ იგი დეკლარაციის შევსების მომენტში იყო შპს “რიყე-2016”-ის დირექტორი და 100% წილის მფლობელი, 2017 წლის დეკემბერიდან აღნიშნული შპს როგორც 100% წილის მფლობელი, ასევე დირექტორი შეცვლილია და არის თამაზ ჩიტაიშვილი.

დაზმირ ძიმცეიშვილის ასევე არ აქვს დეკლარირებული, რომ იგი არის: შპს “თაიგული-98”-ის დირექტორი, ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ “რიყე”-ს თავმჯდომარე და გამგეობის წევრი, ამავე კოოპერატივის გამგეობის წევრია მისი მეუღლე დარეჯან ვეკუა.



არასრულად აქვთ შევსებული დეკლარაციები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს თემურ ღვინჯილიასა და მის მოადგილეს დარეჯან დადიანს. მათ დოკუმენტში არ აქვთ ჩაწერილი, რომ არიან სხვადასხვა ბიზნესში წილების მფლობელები.

რაც შეეხება სენაკის მუნიციპალიტეტს, საკრებულოს თავმჯდოამრე კახაბერ რუსიას 2017 წლის იანვარში (სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილეობის დროს) შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნული არ აქვს მისი და მისი მეუღლის მონაწილეობა რამდენიმე კომპანიაში. აქვე განმარტებულია, რომ კახაბერ რუსიამ 2012 წელს 8 000 ლარი შესწირა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.


“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაიწყოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგი. ორგანიზაციის შეფასებით, თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარების შესახებ დეკლარაციების შემოწმების საკითხი კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია. TI დადებითად აფასებს ბოლო პერიოდში საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების შემოწმების გააქტიურებას. საუბარია იმაზე, რომ 2017 წლის განმავლობაში ბიუროს მიერ მთლიანობაში 224 თანამდებობის პირის მიერ შევსებული დეკლარაციები უარყოფითად შეფასდა.

ამავე თემაზე:

უარყოფითად შეფასებულებში მერაბ ქვარაიას, ბესიკ ფარცვანიასა და თენგიზ ქობალის დეკლარაციები მოხვდა


Print