რეგიონი
ზუგდიდში დევნილების ნაწილი მინიჭებული ქულებით უკმაყოფილოა (ვიდეო)
რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობაში მცხოვრები დევნილები მათთვის მინიჭებული წინასწარი ქულებით უკმაყოფილოები არიან. ისინი ამბობენ, რომ დევნილთა სამინისტრო მათ ბინის მისაღებად საჭირო ქულებს პრინციპულად არ ანიჭებს. საავადმყოფოს ყოფილ შენობაში ჩასახლებულები უწყებისგან ქულების ჩამონათვალთან ერთად, თითოეული ოჯახის შეფასების კრიტერიუმის გასაჯაროებას ითხოვენ.


"რამდენი წელია, ამ გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობთ და სამინისტროს პრინციპულად არ გავყავართ აქედან. ორი დღის წინ დაიდო სამარცხვინო ქულები. პრინციპულად არ გვანიჭებენ იმ ქულებს, რაც გვეკუთვნის, რადგან აქტიურად ვაპროტესტებთ ამ უსამართლობას. არიან ოჯახები, რომლებსაც წელს მაღალი ქულები მიენიჭათ, გვაინტერესებს, რა პრინციპით შეარჩიეს, როდესაც აქ ყველას თითქმის ერთნაირი საცხოვრებელი ფართი და პირობები გვაქვს. მოვითხოვთ იქ, სადაც ქულებს აქვეყნებენ, მიაწერონ თითეულ აპლიკანტს, რა პრინციპით და რა კრიტერიუმით მიენიჭა ქულა“, - აცხადებენ დევნილები.

გალის რაიონის სოფელ ფიჩორიდან დევნილი ხატია ოკუჯავა ამბობს, რომ ის ამ შენობაში გაიზარდა და მისი ორი მცირეწლოვანი შვილიც ამ გაუსაძლის პირობებში იზრდება.


„გაუსაძლისი პირობები გვაქვს. ჩემს დედამთილს ფსიქიკური პრობლემები აქვს, ამასთან შშმ პირია და ცალკე ოთახში გვყავს, რადგან ბავშვებს მისი ეშინიათ. მის მოსავლელად ბავშვების მარტო დატოვება და სხვა ოთახში გადასვლა მიწევს, რომელიც დერეფნის ბოლოშია. ერთ დღეს ფანჯრიდან გადამხტარა და ახლა ორივე ფეხი მოტეხილი აქვს. ამას ცალკე ქულა ეკუთვნის და ჩვენ ცალკე. ასეთ რთულ პირობებში მოგვივიდა ხუთი ქულა. გასულ წელს დევნილებს, რომლებმაც პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერეს, მეც ვუჭერდი მხარს, თუმცა მათთან კარავში არ ვიყავი, რადგან ავადმყოფს ვერ ვტოვებდი. დღეიდან ჩემი ოთახიდან დაიწყება შიმშილობა. ამ ქულებს ასე არ დავტოვებ“, - ამბობს ხატია ოკუჯავა.



70 წელს მიღწეული რაია ლეჟავა, რომელიც ორ ობოლ შვილიშვილს ზრდის, ამბობს, რომ გასულ წელს 9 ქულა, წელს კი 8,5 მიიღო. მისთვის გაუგებარია,  შარშან რატომ ვერ მოხერხდა მისი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ან წელს ნახევარი ქულა რა მიზეზით დააკლდა.

„რამდენი წელია ამ ერთ ოთახში ორ ობოლ შვილიშვილთან ერთად ვცხოვრობ.  ეს ოთახი არის საძინებელი, სამზარეულო, მისაღები და სააბაზანოც. გასულ წელს ცხრა ქულა მომანიჭეს. მქონდა მოლოდინი, რომ ბინას მივიღებდი, მაგრამ შევცდი. წელს ნახევარი ქულა მომაკლეს, რა მიზეზით არ ვიცი. მერე მითხრეს, ფული გაქვსო და მაგიტომო. რა ფული მაქვს არ ვიცი, ან ფული რომ მქონდეს, აქ მოვიკლავდი თავს?“, - თქვა რაია ლეჟავამ.

დევნილთა სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის მანუჩარ ჩილაჩავას თქმით, დევნილებმა განაცხადის შევსების დროს დაუყოვნებლივი განსახლებისთვის აუცილებელი ყველა დოკუმენტი არ დაურთეს. მისი ცნობით, ეს დოკუმენტები იყო სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა იმის შესახებ, რომ შენობა ავარიულ მდგომარეობაშია და აღნიშნული შენობის მეპატრონის წერილობითი თხოვნა მათი გასახლების თხოვნის შესახებ. რაც შეეხება დევნილების ბრალდებას ქულების შერჩევითი პრინციპით მინიჭებასთან დაკავშირებით, ჩილაჩავა აცხადებს, რომ სამინისტრო ყველასთვის ერთი პრინციპით მუშაობს და საკითხისადმი არაობიექტურ მიდგომას გამორიცხავს.

“მონაცემები, რომელიც სამინისტრომ გამოაქვეყნა არის წინასწარი და არავინ არ იცის კომისია რომელ მათგანთან მივა. რაც შეეხება კრიტერიუმებს, რის მიხედვითაც მიენიჭათ ქულები, ხელიმისაწვდომია და ყველამ კარგად იცის. იმ ნაწილს, რომელმაც არასრული დოკუმენტები წარმოადგინა, ხელახლა შეუძლია აპლიკაციის შევსება“, - განაცხადა ჩილაჩავამ.

აღნიშნულ შენობაში მცხოვრებლები გასულ წელის განმავლობაში, საცხოვრებელი ფართის მისაღებად საკმარისი ქულების მოთხოვნით პერიოდულად აქციებს მართავდნენ. მათ პროტესტის უკიდურეს ფორმას, მათ შორის შიმშილობასაც, მიმართეს. რამოდენიმე დევნილი, რომლებმაც პირი ამოიკერეს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩასახლების ეზოში სახელდახელოდ აგებულ კარავში ცხოვრობდა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში ბინების მიღების კანდიდატი დევნილებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულები - სრული სია


Print