ახალი ამბები
ფოთში ასობით მონადირემ საკანონმდებლო ცვლილებების მოთხოვნით აქცია გამართა
ფოთში ადგილობრივმა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩასულმა მონადირეებმა კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა მოითხოვეს. მათი მტკიცებით, კანონში ხარვეზებია, რის გამოც მათ ნადირობის საშუალება, ფაქტობრივად, არ აქვთ.

მონადირეები ამბობენ, გარკვეულ ადგილებში ნადირობა თეორიულად ნებადართულია, თუმცა, პრაქტიკულად ამ ადგილების უმეტესობაში შესვლა ფიზიკურად თითქმის შეუძლებელია.

„სანადირო სეზონი 22 თებერვალს მთავრდება. არის ადგილები, სადაც ნადირობა შეიძლება, მაგრამ მხოლოდ ალაგ-ალაგ შეისვლება, ფაქტობირვად, მისასვლელი არ არის. ასევე, გამკაცრდა კონტროლი და დაჯარიმების ფორმებიც. ხშირად ეს ხდება უფლებების დარღვევით, რასაც ვაპროტესტებთ. თუკი მყისიერი რეაგირება არ იქნება, ბევრად უფრო მასშტაბურ აქციებს გავმართავთ“, - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი ხომერიკმა.

აქციის მონაწილეებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან საკითხის დაყენებას დაჰპირდნენ.


Print