ახალი ამბები
მუჟავაში გარდაცვლილი წვევამდელის ოჯახში გამომძიებლები იმყოფებიან
სოფელ მუჟავაში, აფხაზეთის ე.წ. საზღვართან ტაბელური იარაღიდან გასროლის შედეგად დაღუპული ბექა რუსიას საცხოვრებელ სახლში გამომძიებლები იმყოფებიან. ოჯახის ადვოკატის როლანდ შონიას განცხადებით, კითხვები საქმეში არსებულ რამდენიმე გარემოებას შეეხება, მათ შორისაა გავრცელებული ფოტო-ვიდეო კადრები. თავის მხრივ, რუსიები საკუთარ მოთხოვნებს აყალიბებენ.

უფლებადამცველის განმარტებით, დაზარალებულის მოთხოვნაა გამოძიება ჩატარდეს არა მხოლოდ კადრებთან დაკავშირებით, არამედ ისინი უშუალოდ ბექა რუსიას გარდაცვალების საქმის ხელახალ გამოძიებასაც მოითხოვენ.

თავის მხრივ, პროკურატურა გამოძიებისთვის იმ ფოტო და ვიდეომასალის გადაცემას ითხოვს, რომელიც, უწყების ცნობით რუსიას ოჯახს აქვს.

აღნიშნულ კადრებთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე გამოძიება საქართველოს სს კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალა დაედო, სადაც, სავარაუდოდ, ასახულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი.
წალენჯიხის სოფელ მუჟავაში ახალგაზრდა მამაკაცი სამეგრელო-აფხაზეთის ე.წ. საზღვართან 26 ოქტომბერს გარდაიცვალა. მის ოჯახს გამოძიების ვერსიის არ სჯერა. მათი მტკიცებით, საქმეში ერთზე მეტი პირის დანაშაული იკვეთება. რუსიები საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვენ.

ამავე თემაზე:

ბექა რუსიას საქმეზე სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებაზე გამოძიება დაიწყო

გარდაცვლილი წვევამდელის ოჯახის წევრებს სავარაუდოდ საქმის პროკურორი ხვდება

მუჟავაში წვევამდელის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა (ვიდეო)

მუჟავაში გარდაცვლილი წვევამდელის ოჯახს გამოძიების ვერსიის არ სჯერა 

მუჟავაში გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი მესაზღვრეა


Print