ახალი ამბები
უპატრონო ძაღლების გადაუჭრელი პრობლემა ზუგდიდში (ფოტო)
ზუგდიდელი ორდენ ალანია ერთ-ერთ უპატრონო ძაღლს მას შემდეგ უვლის, რაც ის ქუჩაში, იუსტიციის სახლის მიმდებარედ იპოვა. ამბობს, რომ კუპრში ამოვლებულ ლეკვს თითქმის ერთი კვირა ასუფთავებდა. მასთან საჭმელი დღემდე მიაქვს და საჭიროების შემთხვევაში ვეტერინართანაც დაჰყავს.



"დღე მე ვაჭმევ, საღამოობით კი დაცვის ბიჭები უვლიან. აქ მის გარდა კიდევ ძალიან ბევრი ძაღლია, თუმცა ყველას პატრონობას მე ვერ შევძლებ. ზუგდიდი საკმაოდ დიდი მუნიციპალიტეტია იმისთვის, რომ, თუნდაც ერთი თავშესაფარი არსებობდეს ", - ამბობს მალანია.




მიუსაფარი ძაღლების განსაკუთრებული სიმრავლე ქალაქის ცენტრალური ნაწილის და გარეუბნების გარდა, ბაზარშიც შეინიშნება. მოვაჭრეები საკუთარი ძალებით მათ გადევნას ვერ ახერხებენ და ამბობენ, რომ მათი უმრავლესობა აგრესიულია.




"მიკბინა ერთ-ერთმა მათგანმა, შრატი გავიკეთე. მას შემდეგ ისევ აქ დადის ეს ძაღლი. თავშესაფარში უნდა იყოს ესენი და ამით პრობლემა მოგვარდება", - აღნიშნა ერთ-ერთიმა მოვაჭრემ ციცინო პაპავამ.



პრობლემის არსებობას არ უარყოფენ ზუგდიდის მერიაში. ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი ლაშა ჯაიანი ამბობს, რომ ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლისთვისაც 30 000 ლარია გათვალისწინებული.
"ჩვენი მოთხოვნებისა და პირობების შესახებ დეტალები ტენდერის გამოცხადების შემდეგ გახდება ცნობილი. მანამდე კი გეტყვით, რომ გათვალისწინებულია ავადმყოფი ძაღლების მკურნალობაც, - უთხრა რადიო "ათინათს" ჯაიანმა.

ჩვენს კითხვაზე, გეგმავს თუ არა ზუგდიდის მერია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თავშესაფრის აშენებას, ჯაიანმა განმარტა, რომ ამ ეტაპზე ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.



"ეს არ არის მერიის პრეროგატივა. თუ იქნება წინადადება, ჩვენი მხრიდან არის აბსოლუტური მზაობა, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ამ საქმეს", - აღნიშნა ჯაიანმა.

2015 წელს ზუგდიდიდან მიუსაფარი ძაღლები ოზურგეთის თავშესაფარში გადაჰყავდათ, რაც საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს. მაშინ გაირკვა, რომ ინდ. მეწარმე გიორგი მაღლაფერიძის მიერ მოწყობილი თავშესაფარი სტანდარტებს არ შეესაბამებოდა.



მერიის მიერ 2016 გამოცხადებულ ტენდერი ისევ გიორგი მაღლაფერიძემ მოიგო, თუმცა სამოქალაქო სექტორის აქტიურობამ კვლავ შედეგი გამოღო და მუნიციპალიტეტმა მეწარმესან დადებული ხელშეკრულება გააუქმა. ამის შემდეგ, უპატრონო ძაღლები ბათუმში გადაჰყავდათ, თუმცა ამ შემთხვევაშიც ცხოველთა მოყვარულები თავშესაფარ "სერვერის" პირობებით უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ.

ავტორები: სალომე ფაცაცია
თათული როგავა
Print