ახალი ამბები
მოწმე რუსიების მიერ გავრცელებულ ვიდეოზე: ეს იყო ხუმრობა
ზუგდიდის რაიონულ პროკურატურაში რამდენიმე დღის წინ გასაჯაროებულ ფოტო-ვიდეომასალასთან დაკავშირებით კიდევ ორი მოწმე დაიკითხა.

რიგითმა, რომელიც მუჟავაში, აფხაზეთის ე.წ. საზღვარზე არსებულ საგუშაგოზე მსახურობდა, აღნიშნა, რომ კადრებში მოცემული მოქმედებები ხუმრობა იყო.

„ეს იყო ხუმრობა. არავითარი ზეწოლა არ ყოფილა“, - თქვა მან.

გარდაცვლილი წვევამდელის ოჯახის ადვოკატი როლანდ შონია ეჭვობს, რომ მოწმეებზე ზეწოლა ხორციელდება.

დღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბექა რუსიას საქმის არსებითი განხილვა უნდა შემდგარიყო, თუმცა ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვის მოსამზადებლად დრო ითხოვა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროცესი 26 თებერვლამდე გადაიდო.

წალენჯიხის სოფელ მუჟავაში აფხაზეთის ე.წ. საზღვართან ტაბელური იარაღიდან გასროლის შედეგად წვევამდელი ბექა რუსია 26 ოქტომბერს გარდაიცვალა.


მომხდარზე საქმე სს კოდექსის 116-ე მუხლით არის აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. რამდენიმე დღის წინ რუსიას ტელეფონში აღმოჩენილი ფოტო-ვიდეომასალის საფუძველზე გამოძიება სს კოდექსის 333-ე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე დაიწყო.


გარდაცვლილის ოჯახს პროკურატურის ვერსიის არ სჯერა. რუსიები საქმის ხელახალ გამოძიებასა და საგუშაგოს უფროსის თანაშემწის ალექსანდრე კვიჟინაძის დასჯას მოითხოვენ, ვისი იარაღიდანაც გაისროლეს.


ამავე თემაზე:

გარდაცვლილი წვევამდელის დედა: დარწმუნებული ვარ, რომ დანაშაული დაკავებულს არ ჩაუდენია (ვიდეო)

Print