ახალი ამბები
სამეგრელოში წარმოებული ხრაშუნა ხილი ნიუ-იორკში იყიდება
კომპანია "გემუანის" მიერ წარმოებული მშრალი, ხრაშუნა ხილი ნიუ-იორკში, ბრუკლინის რაიონის ერთ-ერთ სუპერმარკეტში იყიდება. ,,გემუანის'' ხარისხის მართვის მენეჯერის ედუარდ ფარცვანიას თქმით, თავდაპირველად ნიმუშები გაიგზავნა და მოწონების შემდეგ მისი რეალიზაცია დაიწყო. მისივე ცნობით, იყიდება როგორც შერეული, ასევე ერთი სახის ხილისგან დამზადებული ჩირი.

"პროდუქტი მთლიანად ქართული ხილისგან არის დამზადებული, მათ შორის არის კივი, ვაშლი, ატამი, გარგარი, მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი, ჟოლო, მოცვი, მარწყვი, ნესვი, ქლიავი ტყემალი და სხვ. ამჟამად ჩვენი პროდუქცია ერთ სუპერმარკეტში შევიტანეთ. გვაქვს მოლაპარაკებები სხვა სავაჭრო ობიექტებთან და ვაპირებთ გაფართოებას", - აღნიშნა ფარცვანიამ.

ცნობისთვის, "გემუანის" პლანტაციები განთავსებულია დასავლეთ საქართველოში, კავკასიონის ქედსა და შავ ზღვას შორის. კომპანია 2011 წელს დაარსდა და მის მფლობელობაშია 111 ჰა საერთო ფართობის მიწის ნაკვეთები, სადაც მდებარეობს ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო, გაშენებულია ჩაისა და თხილის პლანტაციები, ასევე კივის ბაღები.




Print