რეგიონი
ფართები რომელთაც მერია გარემოვაჭრეებს სთავაზობს (ვიდეო)
ზუგდიდის ბაზრის წარმომადგენლებმა მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს ის ადგილები დაათვალიერებინეს, რომლებსაც ისინი გარემოვაჭრეებს გამოუყოფენ. ცენტრალური სუპერმარკეტის დირექტორის მოადგილე მანანა ბარძემიშვილი ამბობს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე დახლები გარემოვაჭრეებს არაერთხელ შესთავაზეს.



„გვაქვს თავისუფალი ადგილები, თუ შემოვლენ და მოისურვებენ, თვითონ 3 თვის განმავლობაში არაფერს არ გადაიხდიან.ეს უკვე მერამდენედ არის გაკეთებული მათთვის, მაგრამ შეჩვეულები არიან გარეთ ვაჭრობას. აღნიშნულ ფართზე მოვაჭრეთათვის თვიური ქირა ერთ ადგილზე 100 ლარს შეადგენს,“ - თქვა მანანა ბარძემიშვილმა.



ზედამხედველობის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მათ რამდენიმე გარემოვაჭრე ბაზარში შესვლაზე და იქ მუშაობაზე დაითანხმეს. მათივე ცნობით, ერთ-ერთი მათგანი ნანული ლამანძიაა. თავის მხრივ მწვანილებით მოვაჭრე ქალი ამბობს, რომ ის საპროტესტო აქციებში არ მონაწილეობდა, თუმცა გარევაჭრობით არის დაკავებული.ის მუშაობის გაგრძელებას შეთავაზებულ ადგილას გეგმავს.


ფოტო:ნანული ლამანძია

„ურიკით დავდიოდი ჩუმ-ჩუმად, ადგილი მომეწონა და ვაპირებ შემოსვლას“ - თქვა მან.

გარდა ბაზრის შიდა ტერიტორიისა, მოვაჭრეებს მდინარე ჩხოუშის მარცხენა სანაპიროზე არსებულ ტერიტორიასაც სთავაზობენ. მერიის ინფორმაციით, იქ გადასვლის შემთხვევაშიც, გარემოვაჭრეები სამი თვის განმავლობაში გადასახადისგან გათავისუფლდებიან. 



„ამ ეტაპზე ერთ ადამიანზე 90 ლარი გვაქვს დაანგარიშებული, რაშიც შედის საშემოსავლო სამსახურის და კომუნალური გადასახადები. ასევე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ ნივთის უსაფრთხოებაზე და მუშაობის პირობებზე“, - თქვა ზემო აღნიშნული ტერიტორიის მეპატრონემ დავით ჯანაშიამ.

ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილე იაგო ქირია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ გარემოვაჭრეების სიტყვიერ გაფრთხილებასთან ერთად, ალტერნატიული ფართების შეთავაზება 3 თვის განმავლობაში რეგულარულად ხდებოდა, როგორც პირადი შეხვედრებისას, ასევე წერილობითი სახით.



„გვესმის ყველაფერი, რაც ხდება, მაგრამ კანონის წინაშე ყველა ვართ თანასწორი - გარევაჭრობა არ დაიშვება“, - აღნიშნა ქირიამ.

გარემოვაჭრეები როგორც ბაზრის შიდა, ასევე მდინარის მარცხენა სანაპიროზე არსებულ ფართებზე უარს აცხადებენ.


„ჩვენ ერთხელ უკვე ვიყავით, მარცხენა სანაპიროზე და ვიცით იქაური სიტუაცია. მანდ არ არის საკმარისი ადგილი, რომც იყოს, იმ გადასახადს, რაც დაწესებულია, ვერ გადავიხდით“, - თქვა ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ მარინა ფარულავამ.



გარემოვაჭრეები მეორე დღეა მუშაობის გაგრძელების ნებართვის ითხოვენ.





Print