რეგიონი
TI: მესტიისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ვებ-გვერდები სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევების მიხედვით, მესტიისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ვებ-გვერდები გამჭვირვალობის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, საჯარო დაწესებულებებს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მომწესრიგებელი ნორმატიული აქტები 2013 წლის 1 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ.

„მესტიისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებს მიღებული აქვთ დადგენილება საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების შესახებ, თუმცა მიღებული დადგენილებები არ შეესაბამება მთავრობის N219 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; როგორც მესტიის, ასევე წალენჯიხის საკრებულოების მიერ მიღებულ დადგენილებებში სრულყოფილად არ არის ასახული პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა; მესტიის შემთხვევაში დადგენილებით სულ 9 სახის ინფორმაციის გამოქვეყნებაა განსაზღვრული, წალენჯიხის შემთხვევაში კი 27, მაშინ როდესაც რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტების დადგენილებებით გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა 50 სხვადასხვა საკითხს მოიცავს.აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ როგორც მესტიის, ასევე წალენჯიხის მუნიციპალიტეტი დადგენილებით განსაზღვრულ ინფორმაციას არასრულად აქვეყნებს“ , - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მოუწოდებს მესტიისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებს შესაბამის დადგენილებებში შეიტანონ ცვლილებები და მოიყვანონ შესაბამისობაში საქართველოს მთავრობის N219 დადგენილებასთან, ასევე უზრუნველყონ ვებ-გვერდებზე ოფიციალური ინფორმაციის სრული სახით ატვირთვა.



ამავე თემაზე:

TI: სენაკის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდი სრულყოფილად არ ფუნქციონირებს
Print