რეგიონი
გარემოვაჭრეები მერაბ ქვარაიას შეხვდნენ (ვიდეო)
გარემოვაჭრეები, რომლებიც დილიდან სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ აქციას მართავდნენ, დეპუტატ მერაბ ქვარაიას შეხვდნენ. მათ მაჟორიტარის ბიუროში მისვლა და ვითარებაში გარკვევა ქვარაიამ თავად სთხოვა. აქციის მონაწილეებმა დეპუტატს ადგილობრივ ხელისუფლებასთან შუამდგომლობა სთხოვეს. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა შედგა.

„მერაბ ქაარაია დაგვპირდა, რომ ჩვენს მოთხოვნებს გუბერნატორს და მერს გადასცემს. ბაზრის წინ თუ არ მოგვცემენ მუშაობის უფლებას, შემოთავაზებულ ფართს იმ პირობით დავთანხმდებით, თუ იქ არსებულ რკინის კონსტრუქციას აიღებენ და ნორმალურ პირობებს შეგვიქმნიან“, - თქვა მარინა ფარულავამ.

რაც შეეხება მერაბ ქვარაიას, ის ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, უახლოეს დღეებში, ლაშა გოგიას და ლევან შონიასთან გეგმავს შეხვედრას.

„თავიანთი პრობლემების მიუხედავად, მათ ესმით ის მდგომარეობა, რომ აუცილებელია წესრიგის დამყარება. შესაბამისად, მე როგორც მაჟორიტარი დეპუტატი ჩავერთვები ამ პროცესში, ვიმსჯელებთ, თუ როგორ შეიძლება ერთის მხრივ, წესრიგის დამყარება და მეორეს მხრივ, ამ ადამიანების გასაჭირის გულთან მიტანა, ისე რომ მათ გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა სხვა ალტერნატიულ ფართებზე“, - აღნიშნა მერაბ ქვარაიამ.

გარემოვაჭრეები დღეს დაიშალნენ, თუმცა ისინი აქციების გამართვას მანამ აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკამყოფილდება.


ამავე თემაზე:

გუბერნატორი გარემოვაჭრეებს ხვალ შეხვდება
Print