ახალი ამბები
პორტამდე მისასვლელი გზის მშენებლობა შესაძლოა იტალიურმა კომპანიამ დააპროექტოს
ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტამდე მისასვლელი გზის და რკინიგზის მშენებლობისთვის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერში წინადადების მიღება დასრულდა. ელექტრონულ ტენდერში მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა იტალიურმა კომპანიამ "Spea Engineering S.p.A." მიიღო მონაწილეობა. მან შესყიდვის ღირებულებაზე თითქმის 2 მილიონი ლარით ნაკლები თანხა დააფიქსირა.

აღნიშნული ტენდერი, რომლის შესყიდვის ღირებულება 10 998 972 ლარი იყო, 24 დეკემბერს გამოცხადდა და წინადადებების მიღება 5 თებერვალს დასრულდა.



სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გზისა და რკინიგზის მშენებლობისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვსა და ანაკლიას შორის უნდა მოეწყოს. ამავე დოკუმენტაციის მიხედვით, პირველ ეტაპზე დაგეგმილია პორტამდე მისასვლელი ორზოლიანი გზის მშენებლობა, რომლის სიგანე 11 მეტრი იქნება. საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტი საავტომობილო გზის მთელ სიგანეზე, რაც 30 მეტრიან კორიდორს ითვალისწინებს, განსახლების სამოქმედო გეგმასაც მოიცავს.

რაც შეეხება სარკინიგზო ინფრასტრუტურას, ოპერირების პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია მინიმუმ ერთი ელექტროფირებული სარკინიგზო ხაზისა და სხვა დამხმარე სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობა (17-18კმ). გარდა ამისა, აღნიშნული ეტაპი განსახლების სამოქმედო გეგმისა და საპროექტო ბუფერის მომზადებასაც მოიცავს.

საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის ხელშეკრულების გაფორმებიდან 13 თვეში უნდა დასრულდეს.

ამავე თემაზე:

ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობის პროექტზე ტენდერი გამოცხადდა
Print