ახალი ამბები
რუსი სამხედროების მიერ დაკავებული პაატა როგავა გაათავისუფლეს
ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში რუსი ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებული პაატა როგავა დე-ფაქტო ხელისუფლებამ დღეს გაათავისუფლა. აღნიშნული ინფორმაცია რადიო „ათინათს“ დაკავებულის დამ თინათინ როგავამ დაუდასტურა.

მისივე თქმით, პაატა როგავა დღეს, შუადღეს, ენგურის ხიდზე გადმოვიდა და ამჟამად საკუთარ სახლში იმყოფება.

„ამოიწურა მისი პატიმრობის ვადა. ჯანმრთელობის მდგომარეობას რაც შეეხება, სუსტად არის, თუმცა თავს ნორმალურად გრძნობს“, - აღნიშნა როგავამ.

ფაქტი დაადასტურეს სახელმწიფო უსაფრთხოებისს სამსახურში. სუს-ში როგავები დაკავებას უკანონოს უწოდებენ.

„სუს-ის წარმომადგენლების მიერ პაატა როგავას გათავისუფლების საკითხი დაკავების მომენტიდან დღემდე აქტიურად იყო დაყენებული გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრების ფორმატში. პაატა როგავას გათავისუფლება პოზიტიურ დინამიკას შესძენს გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატის შემდგომ მუშაობას", - აღნიშნავენ უწყებაში.

მამა-შვილი არჩიკო და პაატა როგავები 2017 წლის 5 აპრილს საოკუპაციო ხაზთან დააკავეს. რუსი ე.წ. მესაზღვეების მიერ დაკავებული მამა-შვილ როგავების ოჯახის წევრის დათა როგავას ინფორმაციით, არჩიკო როგავას საზღვრის უკანონო გადაკვეთა ედებოდა ბრალად, პაატა როგავას კი ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევაც.

მიმდინარე წლის აგვისტოში დე-ფაქტო სასამართლომ არჩიკო როგავას ორი წლით, პაატა როგავას კი 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

არჩიკო როგავა დე-ფაქტო ხელისუფლებამ გასული წლის 5 დეკემბერს გაათავისუფლა. დაკავებული მამა-შვილი არჩიკო და პაატა როგავები სასჯელს დრანდის ციხეში იხდიდნენ. 

ამავე თემაზე:

რუსი სამხედროების მიერ რიყეში დაკავებული არჩიკო როგავა გაათავისუფლეს

დე-ფაქტო აფხაზეთის სასამართლომ მამა-შვილ როგავებს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა



Print