ახალი ამბები
ენმ: ზუგდიდის საბავშვო ბაღების აღმზრდელებს იანვრის ხელფასები არ დარიცხვიათ (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების თანამშრომლებს იანვრის თვის ხელფასები ამ დრომდე არ მიუღიათ. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ბაღის აღმზრდელებთან ხელშეკრულებები დაგვიანებით გაფორმდა.

„აქ არის ორი პრობლემა. პირველ რიგში ის, რომ ხელშეკრულებები მათ 22 იანვარს გაუფორმდათ და მას შემდეგ ამ დრომდე ათი დღის კუთვნილი ხელფასები არ დარიცხულა. მოვუწოდებთ მერს, უარი თქვას საკუთარ და თანამშრომლების კომფორტზე და უახლოეს დღეებში გასცენ ხელფასები, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკრებულოს სხდომაზე დავიბარებთ ააიპ-ის ხელმძღვანელსა და მერს“, - თქვა წითლიძემ.

თავის მხრივ, ზუგდიდის მერიაში ამბობენ, რომ იანვრის თვის ხელფასები უკვე გადარიცხულია, რაც შეეხება ხელშეკრულებების გაფორმების დაგვიანებას, ამ ფაქტს რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებულ იურიდიულ საკითხებს უკავშირებენ.



„ბაღების ცენტრი საჯარო რეესტრში დარეგისტრდა 12 იანვარს, 18 იანვარს კი დაინიშნენ თანამშრომლები. შესაბამისად, სწორედ ამ თარიღიდან მოხდება მათთვის ხელფასების დარიცხვა და მაქსიმუმ დღეს ან ხვალ ყველა აღმზრდელს, გამგეს და თანამშრომელს დაერიცხება ხელფასი“, - აღნიშნა ზუგდიდის მერის მოადგილემ მაიზერ ნანავამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებმა ფუნქციონირება 22 იანვარს განაახლეს.

ამავე თემაზე:

ლაშა გოგია: ყველა საბავშვო ბაღი საკვები პროდუქტით უზრუნველყოფილია


Print