რეგიონი
ოჩამჩირეში თურქეთის მოქალაქე გაიტაცეს
ოჩამჩირეში უცნობმა პირებმა თურქული თევზსაჭერი გემის კაპიტანი სელიმ ქაია გაიტაცეს. ამის შესახებ „სპუტნიკ აბხაზიას“ ოჩამჩირეს რაიონის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა სლავიკ კუჩუბერიამ განუცხადა.

„საღამოს, დაახლოებით 20:45 საათზე თურქული თევზსაჭერი გემის კაპიტანი კაფედან გამოვიდა და ერთ-ერთ ადგილობრივს პორტამდე მანქანით მიყვანა სთხოვა. რამდენიმე წუთში ისინი ორმა შეიარაღებულმა ნიღბიანმა გააჩერა, მძღოლი ავტომობილიდან გადმოიყვანეს, თვითონ კი მანქანაში ჩასხდნენ და თურქეთის მოქალაქესთან ერთად წავიდნენ“, - განაცხადა კუჩუბერიამ.

მისი თქმით, გამტაცებელთა და მათი მსხვერპლის ძებნა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. დღეს დილით ავტომობილი გალი-ოჩამჩირეს გზაზე აღმოაჩინეს.

საქმეს დე ფაქტო აფხაზეთის შსს იძიებს.


Print