რეგიონი
ზუგდიდის მერია: ა(ა)იპ-ებსა და შპს-ებში დასაქმებულთა რაოდენობა არ გაზრდილა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია უარყოფს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, მერიის ა(ა)იპ- ებში დასაქმებულთა რიცხვი თითქმის 500-ით გაიზარდა. ამავე ცნობით, თემისა და ქალაქის გაერთიანების შემდეგ აღნიშნულ სამსახურებში თანამშრომელთა რაოდენობა 41-ით შემცირდა.

რადიო „ათინათი“ მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:

„მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის და ქალაქ ზუგდიდის გაერთიანების შემდეგ, ახალი მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებსა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებში დასაქმებულთა რაოდენობა 498 ადამიანით გაიზარდა, არ შეესაბამება სიმართლეს.

განვმარტავთ, რომ: 2017 წელს ქალაქ ზუგდიდის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ა(ა)იპ-ებსა და შპს-ებში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა შეადგენდა 2 263 ადამიანს (მუნიციპალიტეტის გამგეობის ა(ა)იპ და შპს რაოდენობა ჯამში 1183 ადამიანი, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ და შპს რაოდენობა - 1080 ადამიანი).

გაერთიანების შემდგომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ-ების და შპს-ების რაოდენობა შეადგენს 2 222 ადამიანს (ა(ა)იპ არის 2132 და შპს - 90 ადამიანი)“, - ნათქვამია განცხადებაში.

მასალა სათაურით "ზუგდიდის მერიის ააიპ-ებში დასაქმებულთა რიცხვი თითქმის 500-ით გაიზარდა" ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესმა" გამოქყვეყნა.

ზუგდიდის მერიამ ზემოაღნიშნული განცხადება მითითებული სტატიის საპასუხოდ გაავრცელა.


Print