რეგიონი
სოხუმის ფიზიკო-ტექნიკურ ინსტიტუტში ეთერზეთების წარმოება დაიწყეს
სოხუმის ფიზიკო-ტექნიკურ ინსტიტუტში ეთერზეთების ზეკრიტიკული ექსტრაქციის მეთოდით გამოხდა დაიწყეს. ამისთვის გამოიყენება ისეთი მცენარეები, როგორიცაა ნემსიწვერა, რეჰანი, ოქროწკეპლა ,მანდარინი, დაფნა და ევკალიპტი, წერს გამოცემა „აიაირა“.

მცენარეული ნედლეულის ექსტრაციის მეთოდების განყოფილების უფროსის საიდა ბაგათელიას თქმით, ეთერზეთების წარმოება ინსტიტუტში 2015 წელს დაიწყო. მისივე განმარტებით, ზეთის გამოხდის შემდეგ, ტარდება მისი ქრომოტოგრაფიული ანალიზი, რის შემდეგაც, ის მოსკოვის სამეცნიერო - კვლევით ინსტიტუტში იგზავნება, სადაც მოწმდება პროდუქციის კომპონენტური შემადგენლობა.

„მაგალითისთვის, კონტეინერში ვტვირთავთ 40 კგ ევკალიპტს და ვიღებთ 100 მილილიტრამდე ზეთს. შემდეგ მზა პროდუქციის ბოთლებში ჩამოსხმა და რეალიზაცია ხდება... აფხაზეთში, ძირითადად, პოპულარობით ევკალიპტის და ნემსიწვერას ეთერზეთები სარგებლობენ“, – დასძინა ბაგათელიამ.

მისი განმარტებით, ეთერზეტებზე დიდი მოთხოვნაა რუსეთში, თუმცა, ექსპორტისთვის გაცილებით დიდი მოცულობის პროდუქციის წარმოებაა საჭირო. სამომავლოდ, სოხუმის ფიზიკო-ტექნიკურ ინსტიტუტში ეთერზეთების სხვადასხვა მეთოდებით გამოხდა იგეგმება.

Print