რეგიონი
ზუგდიდიდან ძაღლები, შესაძლოა, ისევ ოზურგეთის თავშესაფარში გადაიყვანონ
დასრულდა ტენდერი, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ უპატრონო ძაღლების თავშესაფარში განთავსების მომსახურებაზე გამოაცხადა.
მასში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ შპს "ვექტრამ" მიიღო, რომელმაც შესყიდვის ღირებულების იდენტური ფასი 29 965 00 ლარი დააფიქსირა. აღნიშნული კომპანია ქუთაისშია რეგისტრირებული.

რადიო "ათინათი" კომპანიის საკონტაქტო პირს დაუკავშირდა. იგი გიორგი მაღლაფერიძე აღმოჩნდა, რომელსაც მსგავსი ტენდერი გასულ წლებში ჰქონდა მოგებული.

მაღლაფერიძე ამბობს, რომ ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, ძაღლებს ისევ ოზურგეთის თავშესაფარში გადაიყვანს.

"მას შემდეგ, რაც ზუგდიდში არასამთავრობოებმა პროტესტი გამოთქვეს, თავშესაფარი მოვაწესრიგე და ევროპულ სტანდარტებს დავუახლოვე. შეგიძლიათ მობრძანდეთ და შეამოწმოთ", - აღნიშნა მაღლაფერიძემ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ უპატრონო ძაღლების თავშესაფარში განთავსების მომსახურებაზე 30 000 ლარამდე ღირებულების ტენდერი მიმდინარე თვის დასაწყისში გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ მოხეტიალე, უპატრონო და მიუსაფარ ცხოველთა იზოლირება ჰუმანური და უმტკივნეულო მეთოდით - ლასოთი ან ბადით უნდა უზრუნველყოს. ასევე, ცხოველები უნდა დამუშავდეს ჭიებსა და ბაქტერიებზე, ჩაუტარდეს სტერილიზაცია-კასტრაცია და სხვადასხვა სახის ვაქცინაცია. სავალდებულო იქნება მათი იდენტიფიკაცია (სპეციალური ძაღლისათვის განკუთვნილი ქარხნული დანომრილი საჭდით, ბირკით) და ა.შ.

2015 წელს ზუგდიდიდან მიუსაფარი ძაღლები ოზურგეთის თავშესაფარში გადაჰყავდათ, რაც საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს. მაშინ გაირკვა, რომ ინდ. მეწარმე გიორგი მაღლაფერიძის მიერ მოწყობილი თავშესაფარი სტანდარტებს არ შეესაბამებოდა.

მერიის მიერ 2016 წელს გამოცხადებული ტენდერი ისევ გიორგი მაღლაფერიძემ მოიგო, თუმცა სამოქალაქო სექტორის აქტიურობამ შედეგი გამოიღო და მუნიციპალიტეტმა მეწარმესთან დადებული ხელშეკრულება გააუქმა. ამის შემდეგ, უპატრონო ძაღლები ბათუმში გადაჰყავდათ, თუმცა ამ შემთხვევაშიც ცხოველთა მოყვარულები თავშესაფარ "სერვერის" პირობებით უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ.

Print