ახალი ამბები
ენმ-ის ყოფილი წევრის განცხადებას საკრებულოზე ხმაური მოჰყვა(ვიდეო)
ენმ-ის ყოფილმა წევრმა გელა თოლორაიამ საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისიაში ყოფნის შესახებ განცხადება წარადგინა, რომელიც საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განიხილეს. საკითხს დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ანა წითლიძემ თოლორაიას მოღალატე უწოდა და თქვა, რომ მას პარტიის კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.

წითლიძის აღნიშნულ სიტყვებს „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრმა უპასუხა. ირაკლი ლაგვილავას თქმით, ეს მათი პირადი და პარტიული უთანხმოებაა და არა საკრებულოს სხდომაზე, არამედ პირადად უნდა გარკვიონ. 

ოპოზიციონერმა დეპუტატმა კი მათ უთხრა, რომ საქმე ეხება არა ენმ-ის, არამედ საკრებულოს წევრს, რადგან გელა თოლორაია პარტიიდან უკვე გარიცხულია.



გარდა ამისა, მისი თქმით, გაუგებარია, როგორ ეძლევა დეპუტატის ანაზღაურება თოლორაიას მაშინ, როცა მას სხდომაზე არცერთი წინადადება არ წარმოუდგენია. 

„მესმის, რომ ამ ოქმების შემოწმების შესაბამისი სამართლებრივი ბერკეტი არ არსებობს, მაგრამ ბიუჯეტიდან ადამიანს, რომელიც არც საკრებულოს, არც კომისიის სხდომას არ დასწრებია, ეძლევა ანაზღაურება. მაშინ როცა ეს ითვალისიწნებს იმას, რომ დეპუტატმა მოქალაქეებთან შეხვედრის დროს მათ მიერ წამოჭრილი პრობლემები დააყენოს სხდომაზე და ითხოვოს რეაგირება, ფაქტობრივად, არაფრის გამო ეძლევა ხელფასი“, - აღნიშნა წითლიძემ.

მამუკა წოწერიას თქმით, საკრებულო ნებისმიერ დეპუტატს მუშაობაში ხელს შეუწყობს.

„მან გამოთქვა სურვილი, რომ იყოს ერთ-ერთი კომისიის წევრი და ჩვენ არავითარი საწინააღმდეგო არ გვაქვს. ამასთან, მან მოიტანა ოქმები და დოკუმენტაცია ხარჯების დადასტურებისთვის. მთავარია, რომ დეპუტატმა წინადადები და პრომლემური საკითხები წარმოადგინოს, რომლებიც ამომრჩევლებს აწუხებს და მას მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, რომ ეფექტიანი და შედეგიანი იყოს მისი მუშაობა“, - თქვა წოწერიამ.

გელა თოლორაიამ, რომელიც 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ენმ-ის კორცხელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო, კანდიდატურა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოიხსნა.

რადიო "ათინათმა" გელა თოლორაიასთან დაკავშირება ვერ შეძლო. მას საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე მითითებული ნომრები გამორთული აქვს.
ამავე თემაზე:

ზუგდიდში ენმ-ის ოთხმა წევრმა კანდიდატურა მოიხსნა


Print