ახალი ამბები
ზუგდიდს ბულგარეთის ელჩი ესტუმრა (ფოტო)
ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დესისლავა ივანოვა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობს. ელჩი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს დავით კოდუას შეხვდა, სადაც მხარეებმა თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.

მოგვიანებით, სტუმრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა არტ-გალერეაში სპეციალური გამოფენა გახსნეს, რომელიც ბულგარეთის კულტურასა და ისტორიას ეხება.



„საქართველო ნამდვილად არის რეგიონში უპირველესი ქვეყანა, რომელსაც დიდი შესაძლებლობები აქვს. მისი მთავარი მიღწევა ასოცირების ხელშეკრულებაა. ჩვენ მზად ვართ გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება დემოკრატიის განვითარებისთვის და სხვადასხვა პროექტის მიმართულებით“, - აღნიშნა ელჩმა.

თავის მხრივ, გუბერნატორის მოადგილემ დავით კოდუამ აღნიშნა, რომ დაგეგმილია სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელთა ინიციარებასა და განხორციელებაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ჩართვაც არის გათვალისიწინებული.



„ჩვენი თანამშრომლობა იქნება სოციალური, ინფრასტრუქტურული, სოფლის მეურნეობისა და განათლების კუთხით. გარდა ამისა, მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ის ბენეფიტები, რომელიც ევროკავშირს აქვს, ჩვენი რეგიონის გამოწვევებსა და საჭიროებებს მოვარგოთ“, - თქვა კოდუამ.

ბულგარეთი წელს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა. დესისლავა ივანოვა მსგავსი შეხვედრების ჩატარებას ქვეყნის მასშტაბით გეგმავს.

Print