ახალი ამბები
რეკომენდაციები ფერმერებს თხილის დაავადებებისგან დასაცავად
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ფერმერებს მოუწოდებს, თხილის დაავადებების თავიდან ასაცილებლად თებერვალ-მარტში აგროტექნიკური სამუშაოები განახორციელონ. ინფორმაციას ამის შესახებ სამინისტრო ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დასავლეთ საქართველოში თხილის მოსავლის შემცირების უმთავრესი მიზეზია სიდამპლე, რაც განპირობებულია სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებებით, ასევე აზიური ფაროსანას მოქმედებით.

„ზამთრის ბოლოს-ადრე გაზაფხულზე თხილის წარმოების ყველა ზონაში უნდა ჩატარდეს ფენოლოგიური დაკვირვება კვირტების მდგომარეობაზე, რათა სწორად დაიგეგმოს სოკოვანი (მონილიოზის, ფუზარიოზისა და ა.შ.) და ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები. ეს ღონისძიებები, კერძოდ, ქიმიური წამლობები მიმართულია პათოგენური მიკროორგანიზმების კვირტებზე დასახლებისა და შეჭრის წინააღმდეგ.

შესხურებების ზუსტი კალენდარული დროის მითითება გაძნელებულია კლიმატური პირობების ცვალებადობის გამო. ამდენად, ყურადღება უნდა გამახვილდეს მცენარის ფენოლოგიურ ფაზებზე. პირველი შესხურება ტარდება კვირტების დაბერვის ფაზაში მხოლოდ კონტაქტური სპილენძისშემცველი ფუნგიციდებით, როგორიცაა კოსაიდი, კუპროქსატი, სპილენძის ქლორჟანგი, ჩემპიონი, იროკო, ნორდოქსი, აირონი, პოლტიგლია, ბორდოფლო, ოქსიქლორი, კუპროფლო, კუპერვალი, ბორდო ლუქსი და სხვა, ასევე 1,5 ან 2%-იანი ბორდოს ხსნარი.

მეორე შესხურება უნდა ჩატარდეს კომბინირებული ნაზავით კვირტების გახსნის შემდეგ, ასევე სპილენძისშემცველი კონტაქტური პრეპარატებით და კვირტის ტკიპას არსებობის შემთხვევაში (როცა ერთ შტამბზე დაზიანებული კვირტების რაოდენობა 3-4 ცალს აჭარბებს) შესაბამისი აკარიციდებით (მასაი, ვერტეკი, ენვიდორი, ორტისი, ზუმი, ტალავი, კაისო, გოლდმაიტი ან სხვა).

თუ ფერმერი ვერ მოახერხებს ორივე წამლობის ჩატარებას, ერთი კომბინირებული წამლობა მაინც უნდა ჩატარდეს. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მდედრობითი კვირტების 15-20%-ზე მეტის გაშლის შემთხვევაში უნდა მოვერიდოთ ბორდოს ხსნარის გამოყენებას“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სპეციალისტების რეკომენდაციით, ასევე მნიშვნელოვანია თხილის ნარგავების დროული გასხვლა-ფორმირება და ამონაყარის მოცილება, რაც ამაღლებს მავნე ორგანიზმებთან ბრძოლის ეფექტურობას.

შარშან სამეგრელოს დაბალი ზონის სოფლებში თხილის მოსავალი თითქმის სრულად განადგურდა.

Print