ახალი ამბები
საბავშვო ბაღების კვებით უზრუნველყოფაზე 9 ტენდერი გამოცხადდა
ა(ა)იპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის მიერ საბავშვო ბაღების კვების მომსახურებით უზრუნველყოფაზე გამოცხადებული ტენდერების ნაწილი დასრულდა.

სხვადასხვა საკვები პროდუქტით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე 65 ბაღს რამდენიმე კომპანია მოამარაგებს, მათ შორისაა შპს „ლეკო“, რომელიც ბაღებს მანანის ბურღულით (5 632 ლარი), ტომატ პასტით (13 236 ლარი), სოფლის მეურნეობებისა და ბაღჩეულის (ჭარხალი, ნიორი, კვერცხი - 42 751 ლარი) და ასევე ისეთი პროდუქტით მოამარაგებს, როგორიცაა შაქარი, მარილი, მაკარონი, კარამელი, პურის ფქვილი, ჩაი, პური და ორცხობილა (201 395 ლარი).

რძის პროდუქტებით (კარაქი, შესქელებული რძე, ყველი) ზუგდიდის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს „ჯი აი სი ჯორჯია“ უზრუნველყოფს, რისთვისაც 257 445 ლარი გამოიყო.

ბურღულეულით, კარტოფილით, ბოსტნეულით, ხილითა და თხილეულით საბავშვო ბაღებს შპს „ჯი-ეს-სი“ მოამარაგებს. გამარჯვებული კომპანია 174 874 ლარად საბავშვო ბაღებს ბრინჯს, ხახვს, კარტოფილს, კომპბოსტოს, სტაფილოს, წიწიბურას, ხმელ სუნელს, ვაშლსა და ლობიოს თვეში ორჯერ მიაწვდის.



რაც შეეხება საქონლის ხორცს, ელექტრონულ ტენდერში ფიზიკურმა პირმა ეკატერინე ქარდავამ გაიმარჯვა, რომელიც სააღმზრდელო დაწესებულებებს პროდუქტით კვირაში ერთხელ მოამარაგებს. შესყიდვის ღირებულება 346 980 ლარია.

ააიპ-ის მიერ გამოცხადებულ ორ ტენდერში წინადადებების მიღება, ჯერჯერობით, არ დაწყებულა. ერთ-ერთი ელექტრონული ტენდერი თევზის შესყიდვას გულისხმობს, რომლის სავარაუდო ღირებულებად 43 648 ლარია მითითებული. აღნიშნულ ტენდერში წინადადებების მიღება 24 თებერვალს დაიწყება და 26 თებერვალს დასრულდება.

მცენარეულ ზეთებს კი სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი, სავარაუდოდ, 19 712 ლარად შეისყიდის. ტენდერში წინადადებების მიღება 21-დან 23 თებერვლამდე გაგრძელდება.

გამოვლენილი კომპანიების მიერ დაფიქსირებული თანხების შესაბამისად, საბავშვო ბაღების კვებით უზრუნველყოფაზე ზუგდიდის ბიუჯეტიდან სულ 1 105 673 ლარი გამოიყო.

Print