ახალი ამბები
აქციის მონაწილე მიკროავტობუსების მძღოლები დროებით დაიშალნენ (ვიდეო)
ზუგდიდში რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მომუშავე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლები სავაჭრო ცენტრ „ალიანსთან“ შეიკრიბნენ. ისინი აღნიშნულ ტერიტორიაზე მინისადგურის „ექსპრეს 777“-ის მოწყობას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ მსგავსი სადგურების სიმრავლე მათ მუშაობაში ხელს უშლის. მათივე თქმით, აქ სადგურის მოწყობა დაუშვებელია, რადგან ის ტროტუარზეა განთავსებული. მძღოლები მინისადგურის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ, რის შემდეგაც მათ აქციის გადადების გადაწყვეტილება მიიღეს.



„პოლიციელებმა გვთხოვეს, რომ დღეს დავშლილიყავით. ვითხოვთ, რომ ამ ადგილზე არ იყოს სადგური, რადგან ეს არის უკანონო... თუ ჩვენს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, აქციებს დავიწყებთ ისევ“, - ამბობენ მძღოლები.

ისინი სადგურების მოწყობის ლობირებაში მერიის სატრანსპორტო განყოფილების წარმომადგენელს დავით ხუბუას ადანაშაულებენ. თავის მხრივ, ხუბუა ამბობს, რომ მერიას ამ ტერიტორიაზე სადგურის მოსაწყობად ნებართვა არ გაუცია და ეს მათ კომპეტენციას სცილდება.

„საქალაქთაშორისო ტრანსპორტის სადგურის მოწყობა ჩვენ არ გვეხება. ეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმეა და შეგიძლიათ მათთან გაარკვიოთ, რა ნებართვა გასცეს და აქვთ თუ არა ამ ტერიტორიაზე მუშაობის უფლება“, - აღნიშნა ხუბუამ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში რადიო "ათინათის" სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.



ამ დროისთვის მძღოლებმა მუშაობა განაახლეს, თუმცა ხვალიდან პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

ამავე თემაზე:


ზუგდიდში მიკროავტობუსების მძღოლები აქციისთვის ემზადებიან
Print