რეგიონი
ზუგდიდში საცხოვრებელ სახლს ესროლეს
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის მიმართებულებით გუშინ, გვიან ღამით ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლეს, რის შედეგადაც ფანჯრის მინა ჩაიმსხვრა. დღეს დილით რკინიგზის სადგურის მიმდებარედ არსებული ავტოსადგურის, შპს “ავტოტრანსის“ მძღოლების მიერ გამართულ აქციაზე, მათმა უფლებადამცველმა თანდილა ჯოლოგუამ თქვა, რომ გასროლა სწორედ ამ კომპანიის ხელმძღვანელის სახლის მიმართულებით განხორციელდა და ის მის დაშინებას ემსახურებოდა. შემდეგ კი ადვოკატმა ეს ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ ის მძღოლებმა შეცდომაში შეიყვენეს.

როგორ მოგვიანებით გაირკვა სახლის ჭიშკართან, რომელსაც ესროლეს შპს „ავტოტრანისი“ დამფუძნებლის თემურ ბულიას ავტომობილი იდგა.

თემურ ბულია რადიო „ათინათის“ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული შემთხვევა სწორედ „ავტოტრანისი“ მძღოლების მიერ გუშინ გამართულ აქციას მოჰყვა. ბულიას სიმამრი, ირაკლი როგავა, რომელიც ამავე შპს-ში მუშაობს, ამბობს, რომ მომხდარს აქციებთან კავშირი არა აქვს.

„არაფერი არ ვიცი რა მოხდა და ვერც ვერაფერს ვიტყვი. ვიცი, რომ ჩემი სიძის მანაქანა მეზობლის ჭიშკართან, სწორედ იმ სახლის წინ იდგა, რომელსაც ესროლეს. არ ვიცით მანქანის მიმართულებით იყო გასროლა თუ სახლის. ამ აქციებთან ჩვენ კავშირში არ გვაქვს და ყველაფერი მძღოლების ორგანიზებით ხდება“, - თქვა ირაკლი როგავამ.

შპს „ავტოტრანსის“ მძღოლები აქციას ორი დღეა მართავენ. ისინი სავაჭრო ცენტრ „ალიანსის“ გვერდით ახლად გახსნილი ავტოსადგურის მუშაობას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ აღნიშნული სადგური კანონის დარღვევით აშენდა.

ისინი დღეს ზუგდიდის მერს ლაშა გოგიას შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ არცერთმა მხარემ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. მერიის პრესსამსახურის ცნობით, ლაშა გოგია აღნიშნულ საკითხს შეისწავლის და განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.

შს სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სს კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა) უკანონო შეძენა-შენახვა და ტარებას გულისხმობს.



Print