ახალი ამბები
უშგულში უხვმა ნალექმა საგვარეულო კომპლექსის მაჩუბი დააზიანა
უშგულის თემის სოფელ ჩაჟაშში უხვმა ნალექმა მურმან ნიჟარაძის კომპლექსის მაჩუბი დააზიანა. ინფორმაციას ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ტრადიციული სვანური საცხოვრისის სახურავს ახლომდებარე საგვარეულო კოშკის სახურავზე ყინულად ქცეული თოვლის მომწყდარი მასა დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

უწყების ცნობით, ადგილზე უკვე მობილიზებულია ჩაჟაშის ახლად შექმნილი მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომელთა ჯგუფი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების ხარისხს სწავლობს. ამასთან, სპეციალისტები სხვა საგვარეულო კოშკებისა და მაჩუბების ფიზიკურ მდგომარეობასაც დააკვირდებიან და საჭიროების შემთხვევაში მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომლები აუცილებელ ღონისძიებებს განახორციელებენ.




ნიჟარაძის კომპლექსის მაჩუბს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მიმდინარე წელსვე, ჩაჟაშის კომპლექსური რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში აღადგენს. 2 წლის წინ რეაბილიტირებული საცხოვრისის დაზიანებული სეგმენტების რეაბილიტაციას კვლავაც კომპანია „თავერსი პლიუსის“ სპეციალისტები განახორციელებენ.

რეაბილიტაციის პროცესი ჩაჟაშში მიმდინარე წლის აპრილის თვიდან განახლდება. პროგრამის ახალი ეტაპი სარეაბილიტაციო ციხე-კოშკებისა და მაჩუბების სახურავებისა და კედლის საპირე წყობების აღდგენა-გამაგრებას მოიცავს. წელსვე იგეგმება იმ ციხე-კოშკის რეაბილიტაციაც, სადაც ამჯამად უშგულის არქეოლოგიური მუზეუმია განთავსებული.

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჩაჟაშის რეაბილიტაციის პროცესი 2014 წლიდან მიმდინარეობს. ამ დროისთვის, ჩაჟაშში მდებარე 50 მდე კოშკიდან და მაჩუბიდან უკვე სრულადაა აღდგენილი 30-ზე მეტი ისტორიული ძეგლი. დასრულებულია ადგილობრივი ეკლესიის ქვის საკონსერვაციო და სახურავის მოწყობის სამუშაოებიც. რეაბილიტაციის პროგრამა 2020 წელს უნდა დასრულდეს.

ფოტო: კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო



Print