ახალი ამბები
ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზის პროექტირებაზე ტენდერი ხელახლა გამოცხადდა
ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტამდე მისასვლელი გზის და რკინიგზის მშენებლობის პროექტირებაზე საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო ტენდერი ხელახლა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც წინა ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა.

წინა ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა იტალიურმა კომპანიამ მიიღო, რომელსაც კომისიამ ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიანიჭა.

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის პროექტირების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 10 998 972 ლარია. ტენდერში წინადადებების მიღება 16 მარტს დაიწყება და 19 მარტს დასრულდება.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გზისა და რკინიგზის მშენებლობისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვსა და ანაკლიას შორის უნდა მოეწყოს. ამავე დოკუმენტაციის მიხედვით, პირველ ეტაპზე დაგეგმილია პორტამდე მისასვლელი ორზოლიანი გზის მშენებლობა, რომლის სიგანე 11 მეტრი იქნება. საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტი საავტომობილო გზის მთელ სიგანეზე, რაც 30 მეტრიან კორიდორს ითვალისწინებს, განსახლების სამოქმედო გეგმასაც მოიცავს.

რაც შეეხება სარკინიგზო ინფრასტრუტურას, ოპერირების პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია მინიმუმ ერთი ელექტროფირებული სარკინიგზო ხაზისა და სხვა დამხმარე სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობა (17-18კმ). გარდა ამისა, აღნიშნული ეტაპი განსახლების სამოქმედო გეგმისა და საპროექტო ბუფერის მომზადებასაც მოიცავს.

ამავე თემაზე:

პორტამდე მისასვლელი გზის მშენებლობის პროექტირებაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა

Print