ახალი ამბები
წამყვანი ბრიტანული კომპანია ანაკლიის ქალაქგეგმარებით კონცეფციაზე იმუშავებს
ანაკლიის ქალაქგეგმარებით კონცეფციაზე წამყვანი ბრიტანული კომპანია BuroHappold Engineering-ი იმუშავებს. ინფორმაციას ამის შესახებ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ავრცელებს. „ანაკლია სითისა“ და BuroHappold Engineering-ს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა.

BuroHappold Engineering-ის წარმომადგენლები უკვე საქართველოში არიან და წინასწარ მოკვლევას აწარმოებენ. სამთავრობო უწყებებთან და ეკონომიკურ ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ, კომპანიის წარმომადგენლები ანაკლიას ესტუმრნენ და „ანაკლია სითის“ მენეჯმენტთან ერთად პორტის სამშენებლო ტერიტორია, მიმდინარე სამუშოები და ქალაქ ანაკლიის ტერიტორია მოინახულეს.

„დღეს გვქონდა უნიკალური შანსი, დავრწმუნებულიყავით იმ მასშტაბებსა და ტემპში, რასაც ეს შესანიშნავი პროექტი მოიცავს. ვფიქრობთ, ის უდიდეს წვლილს შეიტანს რეგიონის განვითარებასა და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში. ჩვენ ვკონცენტრირდებით ქალაქის გენერალურ გეგმაზე, რომელიც ინტეგრირეული იქნება ტურიზმთან, ბიზნესგარემოსა და სხვა დამატებითი ღირებულების მომტან ფაქტორებთან... ასევე, ვმუშაობთ პროექტის ეკონომიკური ზონის განხორციელებადობის კვლევაზე“, - აღნიშნა პროექტის დირექტორმა რობერტ ვინტერჰეგერმა.

კონსორციუმის ცნობით, BuroHappold Engineering-ი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც ურბანულ დაგეგმარებაზე, სამშენებლო პროექტებზე, გენერალური გეგმის შედგენასა და ქალაქის განვითარებაზე მუშაობს. კომპანიას განხორციელებული აქვს 600-ზე მეტი პროექტი ბრიტანეთში, ევროპაში, აზიის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. BuroHappold Engineering-ი სხვადასხვა დროს მუშაობდა მუმბაის პორტის კომპლექსის, ლონდონის "ჰაიდ პარკის", კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტებზე და სხვ.

BuroHappold Engineering-ის ვიზიტი საქართველოში 23 თებერვალს შემაჯამებელი ღონისძიებით დასრულდება.
Print