რეგიონი
მინისტრი: ფაროსანა არის მწერი და ამაზე ამდენი ყურადღების გამახვილება ცოტა გადაჭარბებულიც არის
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტში განხილვის მთავარი თემა ფაროსანა არ უნდა იყოს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს საპარლამენტო სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

"ეს არის სასოფლო-სამეურნეო მავნებელი, მარტივად რომ ვთქვათ, ის არის მწერი და საპარლამენტო განხილვის მთავარი თემა ეს ნამდვილად არ უნდა იყოს. არაერთი შეხვედრა ყოფილა ამასთან დაკავშირებით სპეციალისტებთან ერთად, იყო სხვადასხვა ფორმატში ამის განხილვა. ვფიქრობ, რომ როცა სოფლის მეურნეობაზე ვსაუბრობთ, პოლიტიკის ნაწილში ამაზე ყურადღება ნამდვილად არ უნდა გამახვილდეს, ეს ჩემი აზრია და ამაზე პარლამენტარებს მეც ვეტყვი. სამწუხაროდ, პოლიტიზებული იქნა ეს თემა, არადა არის აბსოლუტურად ტექნიკური საკითხი, სოფლის მეურნეობის მიმდინარე გამოწვევა", - აღნიშნა მან.

დავითაშვილი ასევე გამოეხმაურა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას მიერ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ ზურაბ ალავიძე ფაროსანასთან ბრძოლისთვის შექმნილ სახელმწიფო კომისიის სხდომებს მხოლოდ რამდენიმე წუთით ესწრებოდა. მისი თქმით, 2018 წელს საქართველოს მთავრობას კოორდინაცია არ აკლია.

Print