რეგიონი
გარდაცვლილი წვევამდელის ოჯახი განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს (ვიდეო)
წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში აფხაზეთის ე.წ. საზღვართან ტაბელური იარაღიდან გასროლის შედეგად გარდაცვლილი წვევამდელის ბექა რუსიას ოჯახი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. მათი თქმით, იმ დანაშაულისთვის, რაც დაკავებულმა ჩაიდინა, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მცირე სასჯელია. ისინი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ და ასევე საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვენ. ოჯახი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ დავით ჯალაღონიას გარდა ამ საქმეში სხვა პირების მონაწილეობაც იკევთება და მომხდარს მიზანმიმართულ ქმედებას უწოდებენ.



პროკურორის დავით პაპავას განმარტებით, უწყება სასამართლო გადაწყვეტილების ოფიცილურად ჩაბარების შემდეგ იმსჯელებს მის გასაჩივრებაზე. პაპავას ცნობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე დაწყებული გამოძიება კვლავ გრძელდება, თუმცა ის ჯალაღონიასთან კავშირში არ არის.

პროცესის დასრულების შემდგე ბრალდებულისა და გარდაცვლილის ახლობლებს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა.

წალენჯიხის სოფელ მუჟავაში ახალგაზრდა მამაკაცი აფხაზეთის ე.წ. საზღვართან 26 ოქტომბერს გარდაიცვალა. მომხდარზე საქმე სს კოდექსის 116-ე მუხლით იყო აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. მოგვიანებით, ბექა რუსიას ტელეფონში აღმოჩენილი ფოტო-ვიდეომასალის საფუძველზე გამოძიება სს კოდექსის 333-ე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზეც დაიწყო.

ამავე თემაზე:

ბექა რუსიას საქმეზე ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

Print