რეგიონი
ოპოზიცია ფაროსანასთან საბრძოლველად ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ინიციატივით გამოდის, რომ ფაროსანასთა საბრძოლველად ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

"საჭიროა მასშტაბური მობილიზება, მათ შორის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და დამატებითი რესურსების მობილიზება. ფაროსანას გამო 2017 წელს მხოლოდ თხილის ექსპორტი 151 მილიონი ლარით შემცირდა. ფაროსანა ანადგურებს სიმინდსა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებს. დასავლეთ საქართველოში ის უკვე ეპიდემიურ ხასიათს ატარებს. ფაროსანასთან ბრძოლას და დიდი ტერიტორიების შეწამვლას დასჭირდება ბევრი ადამიანი. საჭიროა სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული ხალხისა და მოხალისეების მასობრივი მობილიზება. პირადად ჩვენი პარტია მზადაა აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში. საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა არმიის ჩართვაც. გამოიყოს დამატებითი ფინანსური რესურსი, რადგან კატასტროფის მასშტაბებიდან გამომდინარე საჭიროა კომპენსაციებზე მუშაობა. ფაროსანასთან ბრძოლაზე სწრაფად დავამყაროთ კომუნიკაცია მეზობელ ქვეყნებთან, რადგან მის წინააღმდეგ ბრძოლა მათ ინტერესებშიცაა“, - აღნიშნა მან.

პარტიაში თვლიან, რომ ხელისუფლების დაუგეგმავი და არასწორი ხედვის გამო წელს სიტუაცია მხოლოდ გაუარესდება.



Print