ახალი ამბები
ქართული მხარე გალის შეხვედრაზე ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის დასჯას მოითხოვს (ვიდეო)
გალში მორიგ შეხვედრაზე გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლის დაკავებისა და ქართული კანონმდებლობით მისი გასამართლების მოთხოვნას ქართული მხარე კიდევ ერთხელ დააყენებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ ენგურის ხიდზე განუცხადა. მისი თქმით, მსგავს დანაშაულში მსჯავრდებული პირების დაუსჯელობას უფრო მძიმე შედეგები მოყვება.

“ახალგორში განვითარებული მოვლენები არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით კლასიკური მაგალითია, რომ დაუსჯელობას დე-ფაქტო მთავრობებისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან კიდევ უფრო მძიმე დანაშაული შეიძლება მოჰყვეს, ამიტომაც სწორედ ამ პათოსით ვისაუბრებთ დღევანდელ შეხვედრაზე და გავაცნობთ ჩვენს მოთხოვნებს როგორც დე-ფაქტო ხელისუფლების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს”, - განაცხადა გალში გადასვლამდე ქემოკლიძემ.

დღესვე მხარეები კიდევ ერთი დაკავებული საქართველოს მოქალაქის საკითხსა და ბოლო ერთი თვის განმავლობაში საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრებენ.

Print