ახალი ამბები
კორცხელის საქმეზე დაკითხულმა მოწმეებმა ინციდენტის დეტალები ვერ გაიხსენეს
კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში რამდენიმე მოწმე, მათ შორის, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტი ემა გოგოხია დაიკითხა. გოგოხიამ სასამართლოს განუცხადა, მან არ იცის თუ რა უძღოდა წინ მხარეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას, თუმცა ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ პირველად ხელი ენმ-ის ლიდერს ნიკანორ მელიას გაარტყეს. მან ასევე მოსამართლეს უთხრა, რომ ჰქონდა ინფორმაცია სპორტსმენების ქალაქში ყოფნისა და მათი მხრიდან ვითარების მოსალოდნელ დაძაბვასთან დაკავშირებით.

„ვერ გეტყვით, როგორ დაიწყო ჩხუბი, რადგან ჩვენ გადაღება, მაშინ დავიწყეთ, როცა სიტუაცია უკვე არეული იყო. ნამდვილად ვერ გეტყვით, კონკრეტულად ვინ ვის ურტყამდა, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩართული. ურტყამდნენ პოლიტიკოსებს, მოქალაქეებს და მათ შორის დაშავდნენ სამართალდამცავები“, - აღნიშნა თავის ჩვენებაში ემა გოგოხიამ.

პროცესზე დაიკითხნენ უშუალოდ ინციდენტის დროს დაშავებული ენმ-ის მხარდამჭერები ზურაბ კიკალიშვილი და თენგიზ ჭანია, თუმცა ვერცერთმა მათგანმა ვერ დაასახელა, თუ ვინ ურტყამდა მათ, ან რა მიზეზით დაიწყო დაპირისპირება. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, პროკურორმა მათი ჩვენებები გაასაჯაროვა, რომელიც დაზარალებულებმა ინციდენტიდან რამდენიმე დღეში გამოძიებას მისცეს. როგორც გაირკვა ისინი პირველ ჩვენებაში გაცილებით კონკრეტულად ასახელებდნენ კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებს.

ბრალდების მხარის მოთხოვნის საფუძველზე ერთ-ერთ დაკითხულს, თენგიზ ჭანიას სხდომაზე ინტერნეტ გამოცემა „ლაივპრესის“ ვიდეომასალა უჩვენეს, სადაც მას სცემენ, თუმცა მან ვერც ამ მასალის ნახვის შემდეგ გაიხსენა ინციდენტის მონაწილე პირები.

აღნიშნულ ვიდეომასალაზე ბრალდებულების ადვოკატმა ზურაბ ბელთაძემ თქვა, რომ აქ ადამიანების სახეები არ ჩანს და ამის მიხედვით ვერ დადგინდება სპორტსმენების დანაშაული.

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მოწმეების დაკითხვა გრძელდება. პროკურატურას კიდევ 75-მდე მოწმე ჰყავს დასაკითხი. სხდომების ჩატარება მიმდინარე კვირის ბოლომდეა დაგეგმილი.

2016 წლის 22 მაისს, შუალედურ არჩევნებში, კორცხელის საარჩევნო უბანთან, სპორტსმენები და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაზიანებები მიიღო რამდენიმე მათგანმა, მათ შორის გიგა ბოკერიამ, ნიკა მელიამ, თენგიზ გუნავამ. მათ სახეზე სისხლის კვალიც აღენიშნებოდათ. ექვსი ადამიანი სხვადასხვა სახის დაზიანებით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშიც იყო გადაყვანილი.

ამავე თემაზე:

კორცხელის საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ დააჯარიმა




Print