ახალი ამბები
ამერიკელი სამხედრო კაპელანი ზუგდიდში ვეტერანებს შეხვდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში აშშ-ის სამხედრო ძალების კაპელანი და ჯორჯიის შტატში ეროვნული გვარდიის მაიორი ლესლი ჩენდლერი რეგიონში მცხოვრებ ომის ვეტერანებს შეხვდა. მან დამსწრეებს საკუთარი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარა და ადგილობრივი ვეტერანების პრობლემები მოისმინა.

„ჩამოვედით ზუგდიდში, რომ შევხვედროდით ვეტერანებს და განგვეხილა პრობლემები დახმარების თვალსაზრისით. გვინდა მათ ვუთხრათ, რომ ეს ყველაფერი ცნობილია და ვაკეთებთ ყველაფერს, რომ დავძლიოთ“, - თქვა ჩენდლერმა.

შეხვედრაზე მცირე ინციდენტიც მოხდა. ვეტერანებმა საქართველოში არსებული სიტუაციისა და საკუთარი პრობლემების შესახებ კაპელანისგან კონკრეტულ კითხვებზე პასუხი მოითხოვეს, თუმცა ჩანდლერმა მათ აუხნა, რომ ეს მისი კომპეტენცია არ არის.



ვეტერანთა საქმეების სამეგრელო -ზემო სვანეთის წარმომადგენლის ლაურა ადამიას თქმით, შეხვედრას ისეთი პირებიც ესწრებოდნენ, ვისაც ვეტერანის სტატუსი არ აქვს და ხმაური ამან გამოიწვია.

„გაუგებრობა იყო, რადგან ისინი არ უნდა ყოფილიყვენენ აქ. ეს იყო გაცნობით ხასიათის შეხვედრა, სადაც მომავალ თანამშრომლობასა და სოციალურ პროექტებზე ისაუბრა“, - აღნიშნა ადამიამ.




თავად ჩენდლერმა კი დასძინა, რომ მათ პრობლემებზე არ ყოფილა გამახვილებული ყურადება და ვეტერანების მხრიდან ემოციების გამოხატვა გასაგებია.

„ნამდვილად ღირდა აქ ჩამოსვლა. კმაყოფილი ვარ, რომ მოვისმინე მათგან ის, რისი თქმაც სურდათ. იმედი მაქვს, სიტუაცია შეიცვლება უკეთესობისკენ, ჩემი აქ ჩამოსვლა არის პირველი ნაბიჯი კარგი ცვლილებისკენ, რომელიც ნამდვილად მოხდება“, - თქვა სამხედრო მოსამსახურემ.

შეხვედრა, რომელიც ამერიკის საელჩო ორგანიზებით გაიმართა, ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.


Print