რეგიონი
სოხუმში უნივერსიტეტის რექტორს ირჩევენ
აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები მიმდინარეობს. აკადემიური საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე, რომელსაც დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ესწრებოდა. ამჟამინდელმა რექტორმა ალეკო გვარამიამ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით ირჩევს. საბჭოში 57 ადამიანი შედის, მათ შორის არიან წამყვანი მეცნიერები, საუნივერსიტეტო სტრუქტურების წარმომადგენლები და 9 სტუდენტი.

უმაღლესი სასწავლო დაწესებულების პრორექტორის ვიქტორ მალანძიას თქმით, სავარაუდოდ, რექტორის არჩევნები უალტერნატივო იქნება.

„ჩვენ ალეკო გვარამიას ვთხოვეთ ისევ წამოეყენებინა საკუთარი კანდიდატურა. ის კარგ ფორმაშია, ბევრი გეგმა აქვს და სათანადოდ აცნობიერებს ამ სამუშაოს მნიშვნელობას. ვფიქრობ, აკადემიური საბჭო შესაბამის შეფასებას მისცემს ალეკო გვარამიას პროგრამას და დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, რექტორად მის ხელმეორედ არჩევასთან დაკავშირებით“, - განუცხადა მალანძიამ „აბხაზია ინფორმს“.

ალეკო გვარამია აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს 1989 წლიდან ხელმძღვანელობს. ის ფიზიკა - მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი,  აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის, ადიღეის მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემიის, ასევე, ევროპის რექტორთა კლუბის წევრია.

2010 – 2016 წლებში აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატის წევრი იყო. 

Print