ახალი ამბები
ხვალიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა რამდენიმე თვით იკრძალება
28 თებერვალს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი სრულდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ გადამფრენ ფრინეველებზე ნადირობა 1-ლი მარტიდან მიმდინარე წლის აგვისტომდე აიკრძალება.

„აკრძალულ პერიოდში ნადირობა 500-700 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქციასა და მოპოვებული ობიექტის კონფისკაციას ითვალისწინებს. ფრინველის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, საჯარიმო თანხას გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხაც ემატება. თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, პირის მიმართ, შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამინისტროს ცნობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები მთელი საქართველოს მასშტაბით, გაამკაცრებენ კონტროლს ამ მიმართულებით. დეპარტამენტი კი ნადირობის მოყვარულებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან კანონი და დაწესებული ვადები.

Print