რეგიონი
დევნილთა პოლიკლინიკიდან გათავისუფლებული თანამშრომლები სამსახურში აღადგინეს
ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკის დირექტორმა 2018 წლის იანვარში მის მიერ გათავისუფლებული ექვსი თანამშრომელი სამსახურში აღადგინა. ეს გადაწყვეტილება ოთარ შენგელიამ სასამართლო სხდომის გამართვამდე მიიღო. გათავისუფლებული თანამშრომლების ინტერესებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ზუგდიდის ოფისისის იურისტი გული ქარცხია იცავდა. 

ორგანიზაციის ინფორმაციით, მათ შრომითი ხელშეკრულება უვადოდ გაუფორმეს. ამასთან, აუნაზღაურდებათ იძულებითი განაცდური და შეუნარჩუნდებათ გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობრივი სარგოც. 

თავის მხრივ, კლინიკის დირექტორი ოთარ შენგელიამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ ზემოაღნიშნული პირების გათავისუფლება თავის დროზე პროცედურული დარღვვევბით მოხდა.

„მე ისინი სამსახურეობრივი გადაცდომის გამო გავათავისუფლე, თუმცა ჩემი მხრიდანაც იყო შეცდომა, რადგან მე მათ თავის დროზე არ გადავეცი გათავისუფლების შესახებ ბრძანების ასლები. ამიტომაც დავაბრუნე. რომ კიდევ უფრო არ გამწვავებულიყო სიტუაცია“, - აღნიშნა შენგელიამ.

დევნილთა პოლიკლინიკიდან გათავისუფლებულმა ხუთმა თანამშრომელმა დირექტორის წინააღმდეგ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სარჩელი 8 თებერვალს შეიტანა. ისინი მიმდინარე წლის იანვარში კლინიკის ახლადანიშნულმა ხელმძრვანელმა ოთარ შენგელიამ გაათავისუფლა.



Print