ახალი ამბები
კორცხელის საქმეზე დაზარალებული და სხვა მოწმეები დაიკითხნენ
კორცხელის ინციდენტის დროს დაზარალებული გოჩა ჭოხონელიძე ამბობს, რომ მან მხოლოდ მსუბუქი დაზიანებები მიიღო. ის მოწმის სახით ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დაიკითხა. ჭოხონელიძემ თქვა, რომ მას 4-5 ადამიანი ურტყამდა, თუმცა ვინ იყვნენ ეს პირები, არ დაუნახავს.

“საუბრის დროს მინდოდა, გამეშველებინა ის პირები, ვის შორისაც, სავარაუდოდ, პოლიტიკური კამათი იყო. ამ დროს მომხვდა უკნიდან ხელი სახეზე და ტანზეც, მაგრამ ვინ დამარტყა, არ დამინახავს. გავიქეცი და მომსდევნენ, მანქანის ქვეშ შევძვერი თავის დასაცავად“, - თქვა ჭოხონელიძემ.

მისივე თქმით, ზუსტად არ ახსოვს, თუმცა, ამბობს, რომ პირველად ხელი ნიკა მელიას დაარტყეს.

პროცესზე პროკურორმა ჭოხონელიძის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების ნაწილი წაიკითხა, სადაც წერია, რომ, მისი თქმით, დაზიანებები კისრის არეში, საფეთქელზე, მარცხენა მუხლზე მიიღო და ძლიერ ფიზიკურ ტკივილს განიცდიდა.

ამასთან დაკავშირებით ჭოხონელიძემ თქვა, რომ უკვე დიდი დრო გავიდა და დეტალები არ ახსოვს. ამავე ჩვენებაში ჭოხონელიძე ამბობდა, რომ მან კორცხელში ინციდენტის ადგილას 50-მდე სპორტული აღნაგობის ადამიანი დაინახა, რომელთაგან 10-15-მდე მამაკაცი აგრესიული შეძახილებით გამოეყო და მისი "პარტიელების" ცემა დაიწყო. პროცესზე კი მოწმემ განმარტა, რომ ის პარტიული არასოდეს ყოფილა.

დღესვე რამდენიმე სხვა მოწმე, მათ შორის, საქმის გამომძიებლები დაიკითხნენ.

ინციდენტის ერთ-ერთი თვითმხილველისა და საარჩევნო უბნის კომისიის წევრის მტკიცებით, მათ მომხდარის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ აქვთ. 

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, ჯერჯერობით, არ გამოცხადებულა ნიკა მელია, რომელიც საქმეში ერთ-ერთი დაზარალებულია.

ამავე თემაზე:

ბოკერია კორცხელის ინციდენტზე: არ ვიცი, ვინ დაარტყა ნიკა მელიას


Print