რეგიონი
შუა ხორგა -ყულევის დამაკავშირებელ გზას რეაბილიტაცია უტარდება
ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ შუა ხორგა-ყულევის დამაკავშირებელ 16 კმ-იან საავტომობილო გზას რეაბილიტაცია უტარდება. სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული გზა მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე "შავი ზღვის ტერმინალი"-ს მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტისთვის.

მიმდინარე სამუშაოების ტემპები ადგილზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, შეამოწმა.



სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი, რომელიც დაზიანებული იყო და ვერ უზრუნველყოფდა უსაფრთხო გადაადგილებას, სოფელ შუა ხორგაში იწყება და ყულევში - ნავთობ-ტერმინალის შესასვლელთან სრუდლება.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში მოხდება ასფალტ-ბეტონის ორფენიანი საფარის მოწყობა, ხელოვნური ნაგებობებისა და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების აღდგენა. ასევე, ლითონის მილების, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, საგზაო ნიშნებისა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა და შემოფარგვლა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 7 688 800 ლარია. სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ხორციელდება. სამუშაოები 2017 წლის ივნისში დაიწყო და 2018 წლის აგვისტოში დასრულდება.

Print