ახალი ამბები
ზუგდიდში საკრებულოს სხდომას გარემოვაჭრეები და დევნილები ესწრებიან
ზუგდიდის საკრებულოს სხდომას, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დაიწყო, გარემოვაჭრეები, სოციალურად დაუცველები და დევნილები ესწრებიან. მათ ხელში ტრანსფარანტი უჭირავთ წარწერით: "ახდენილი ოცნებები - გუბერნატორის ხელფასი - 5 900 ლარი, განყოფილების უფროსი - 1 600 ლარი, სოციალურად დაუცველი - 97 თეთრი დღეში, დამლაგებელის ხელფასი - 110 ლარი".



დეპუტატის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ანა წითლიძის თქმით, მოქალაქეები სხდომას მისი ინიციატივით ესწრებიან და ეს მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გუშინ გამართულ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების ზრდა განიხილეს. მისივე ცნობით, აღნიშნული საკითხი ბიუროს სხდომაზე დღის წესრიგიდან ამოიღეს.

"ესენი არიან ბენეფიციარები, რომლებსაც არ გააჩნიათ სახლ-კარი და ადგილობრივი ხელისუფლება მათ რეორგანიზაციის მოტივით არ დაეხმარა. დღეს მათ უნდა გამოეტანათ საკითხი ხელფასების მომატების თაობაზე, რომელიც უკვე ისედაც გაზრდილია, მაგრამ მოქალაქეების აქტიურობის შემდეგ ეს საკითხი საკრებულოს სხდომაზე არ გაიტანეს", - თქვა მან.

დღის წესრიგის მიხედვით, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა 10 საკითხი უნდა განიხილონ.






Print